ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯა, ერთ–ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელია, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაჭირვებაზე, ძირითადად, უმუშევრობაზე, უგზოობაზე და ამჯერად მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაზე დარდობს. როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბრობენ, დიდი ხანია, უმუშევრობამ დაბა წელში გატეხა. როცა აქ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენების პროცესი დაიწყო, როგორც გვეუბნებიან, ეგონათ, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი დასაქმდებოდა, თუმცა, მოლოდინმა არ გაამართლა.
_ რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ. გაზაფხულია და ამ დროს ყველაზე ძალიან ჭირს ცხოვრება. გასაყიდი არაფერია, სამუშაოც არსადაა. რაღაცას ვეძებთ, რომ თავი ვირჩინოთ, _ უთხრეს “გურია ნიუსს” დიმა აივაზიანმა და მისმა ახალგაზრდა მეგობრებმა, რომლებიც ცულით ხელში, მახლობელი ტყისკენ მიიჩქაროდნენ.
“რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ”
ნარუჯელები ჩვენთან საუბარში სოფლის ცენტრალური და შიდა გზების აუტანელი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, რომლის გაკეთებას, როგორც თავად ამბობენ, მრავალწლიანი დაპირების მიუხედავად, საშველი არ დაადგა.
_ როდის აკეთებენ, როდის? “დღეს და ხვალეს” ძახილი არ დაილია. გაიარეთ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ შესახვევში თუ ცენტრალურ გზაზე. კარგია, რომ ნაწვიმარზე ამოხვედით. დათვლით “იამკებს” და გუბეებს? ისე, ერთის მხრივ, ხეირია ეს “იამკები” _ ნაწვიმარზე ძროხები წყალს მაინც სვამენ. შარშან და შარშანწინაც იძახდნენ, გაკეთდებაო, მაგრამ ხედავთ, რა გზაც გვაქვს, _ გვეუბნება თამაზ სურმანიძე.
“დანაკუწებული “იამკებიანი” გზებიც “ხეირია” _ ძროხები სვამენ წყალს”
_ რა მაგარია გლეხის ტყავი _ ყველა მთავრობა ხევს და ვერ დახია. ოთხ-ოთხი წლით არიან ხელისუფლებაში და ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალი დაპირებებია. ძაან ბევრ წურბელას ვარჩენთ, თორემ ეს გზა აქამდე ათჯერ გაკეთდებოდა. უმუშევრობამ ხომ დაგვიყვანა ყუაზე. ეს თურქეთი რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ორიოდე ფაბრიკა და ქარხანა ვერ გახსნეს რაიონში, რომ ხალხს ემუშავა. ლუკმა-პურისთვის თურქეთში, ძირითადად, სამი თვით მიდივართ, დანარჩენ ცხრა თვეს რაღაცას ვიზოგებთ, მაგრამ მაინც შიმშილობაა აქ, _ გვეუბნება ნარუჯელი იოსებ ბერიძე.
მრავალშვილიანი მამა მუსლიმ აპლატოვი უხერხულობას განიცდის იმის გამო, რომ მისი ვაჟი სამხედრო სამსახურშია და შვილის ხელფასზე იმყოფებიან:
_ ეს რა ნამუსია? ბავშვი “კომანდოში” გავუშვი და ჩვენ მის ხელფასს ვიღებთ. მაგრამ რა ვქნათ? ოთხი ბიჭი მყავს, უმცროსები მოსწავლეები არიან. სამუშაო რომ იყოს, რა მაქვს საწუწუნო? მაგრამ რომ არ დარჩა საშველი! _ ამბობს ის ცრემლმორეული.
ადგილობრივები, მოახლოებულ გაზაფხულზე, უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ მავნებელ ფაროსანას ხელახალ შემოსევას:
_ მაგათი ტრენინგები არ ვიცით ჩვენ! ხალხს სჭირდება სერიოზული დახმარება. ათეულობით მილიონს რომ ჰაერში აორთქლებენ, გამოყონ ათი პროცენტი საიმედო პესტიციდებისთვის და ხალხს მისცენ თხილის სიდამპლის სამკურნალოდ. დაიწყეს რაღაც, ახალი პროგრამააო, ათი ჰექტარი თხილი მოძებნეთ, გაერთიანდითო და მერე მოგცემთ შესაწამლ აპარატსო. სად ვეძებო ათი ჰექტარი ფართობი ამ მცირემიწიან ნარუჯაში? და ჩემი თხილის პატრონი და მეწილე გავხადო ვიღაც? ვუცადო, როდის შეწამლავს ერთი და მეორე? თავის საქმეს იადვილებენ და ჩვენსას ართულებენ. მობრძანდნენ აქ და ჩვენ ვეტყვით, რა სახის დახმარება გვინდა და როგორ უნდა დაგვეხმარონ, _ ბრაზობს ადგილობრივი მცხოვრები არჩილ კოჩალიძე.
უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნარუჯის მცხოვრებლები ვაზირ ბოლქვაძე, ნათელა ბერაძე, თემურ მახარაძე და სხვები, რომლებიც გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას აბრალებენ ბაღ-ბოსტნების სრულ განადგურებას.
_ ვინმემ არ გვითხრას, რომ გასულ წელს მაგ აქოთებული “სალიარკიანი” წამლით შებოლებას არ ემსხვერპლა ჩვენი ბოსტნები. სადაც ჩაიარეს და შეასხურეს, თუ ღობის გასწვრივ ბოსტანი იყო, მოკლე ხანში სათითაოდ დაჭკნა და გაყვითლდა ყველაფერი. ჩვენთან არ მომხდარა არასდროს, რომ აგვისტოს დასაწყისში ბოსტანი “აგველაგებინოს”. ან წესიერად მოიხმარონ თავიანთი ინსტრუქციები, ან საერთოდ არ მოვიდნენ აქ. “შუკებში” მაინც არ შედიან _ ცენტრალურ გზაზე გაიარეს და მოგვისპეს ახლომახლო ბოსტნები. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ წელს კიდევ არ “დაგვაფსონ” და შესაწამლად რაღაც სხვა მეთოდი მოძებნონ. სერიოზულად გეუბნებით, აქ არ ამოვიდნენ _ მშივრები დაგვტოვეს შარშან! _ ამბობენ ისინი.
“გურია ნიუსი” ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ოზურგეთის საკრებულოში, ვალოდია ბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ გზის რეაბილიტაცია სოფელში მალე დაიწყება.
_ რაც შეეხება მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, ტყუილია, რომ სოფლის უბნებში სეს-ის მანქანები არ შედიან და არ ახდენენ შეწამვლას. მე თვითონ ვახლდი მათ გასულ წელს ამ ღონისძიების დროს. ყველა უბანში, ყველა წერტილში შევიდნენ მანქანები ცხელი ნისლით, სადაც კი შეიძლებოდა მანქანის მისვლა. გარდა ამისა, სად არის ლოგიკა _ შეწამლეს და რატომ შეწამლეს, ბოსტნები გააფუჭაო. არ შევიდნენ და რატომ არ შევიდნენ შესაწამლადო _ “ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდები” არ შეიძლება. მე მოსახლეობის ნებას ვითვალისწინებ, იმიტომ ვარ მათი წარმომადგენელი, მაგრამ მოთხოვნებსაც გააჩნია, _ გვითხრა ბერიძემ.
ნარუჯაში უკიდურესად დაზიანებული გზის შესახებ, რისთვისაც სამართლიან საყვედურს გამოთქვამს მოსახლეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალიან მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები:
“ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე წელს სამი მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 15 მარტს გამოცხადდა. გზა მთლიანად იქნება მოასფალტებული, თავისი სანიაღვრე არხებითა და საგზაო ინფრასტრუქტურით”, _ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პასუხში.