ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, კახა ასკურავამ კანონდარღვევაში დაადანაშაულა.
„კანონში შავით თეთრზე წერია და გავალდებულებთ, წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარსდგეთ საკრებულოს წინაშე, თუმცა, უკვე წელიწადიც გავიდა და მეტიც… თქვენ არღვევთ კანონს! თუ ამას მერიაში გიმალავენ და არ გეუბნებიან, მაშინ საკადრო პრობლემები გქონიათ. სათქმელი თუ არაფერი გაქვთ, კანონი მაინც არ დაარღვიოთ, ჩახედეთ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ნახეთ“, _ მიმართა ასკურავამ საკრებულოს სხდომაზე მყოფ მერს.
დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული კანონდარღვევის ბრალდების საპასუხოდ ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, რომ მერია ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით აპრილში წარსდგება.
მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, საკითხი უკვე შესულია საკრებულოში და შესაბამისად, უახლოესი სხდომის დღის წესრიგში მოხდება მისი ასახვა.