„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ოპონენტები აბრალებდნენ თითქოს, რუსეთთან ურთიერთობები მან გააფუჭა. 2012 წლის არჩევნების წინ აღნიშნულის შესახებ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და აცხადებდა: რომ არა სააკაშვილის კონფრონტაციული პოლიტიკა, საქართველო რუსეთთან ომს თავიდან აიცილებდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ ყოფილ პრეზიდენტს რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა კი არ აურჩევია, არამედ პირიქით, ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობდა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნატოზე უარის თმით ტერიტორიების დაბრუნება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა.
„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავარი მოთხოვნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო, რაზეც რუსეთი, ბუნებრივია, არ წავიდა. საუბარი იყო გარკვეულ საიდუმლო მოლაპარაკებებზეც, რაც უშედეგოდ დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი აცნობიერებდა იმას, რომ რუსეთიდან საფრთხეები მოდიოდა, ამიტომ სააკაშვილს ნატოს დათმობით ტერიტორიების დაბრუნება და არსებული ვითარების შერბილება სურდა“ , _ აღნიშნა ჩიტაძემ.
ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და არა, რევოლუციის გზით, რასაც ყოფილი პრეზიდენტი აანონსებს.
„პირადად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის უშუალო მოვალეობაა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ როდესაც ხელისუფლების სათავეში გაერთიანებული ოპოზიცია მოვა, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გზით მოვიდა. იგივე, გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების დროს რა მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით ვერ ხდება, რადგან „ქართული ოცნება“ ყოველთვის აყალბებს, ამიტომ სააკაშვილისთვის ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა არის გამოსავალი“, _ აღნიშნა ჩიტაძემ.