ლანჩხუთში ახალი ჭადრაკის სახლის ოფიციალურ გახსნას მთლად უხმაუროდ არ ჩაუვლია _ შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 100 ათას ლარზე მეტი გაიხარჯა, გასული კვირის ბოლოს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი და სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.
“ჩემთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გონიერი და ჯანსაღი მომავლის განვითარებისთვის სწორედ ასეთი ცენტრების არსებობა და ასეთი აქტივობებია აუცილებელი.
ჭადრაკის სახლის ახალი შენობის პროექტში უშუალოდ ვიყავი ჩართული და მიხარია, რომ შედეგი სახეზეა _ შენობა საზეიმოდ გაიხსნა“, _ წერს წილოსანი სოციალურ ქსელში და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
პარლამენტარის აღნიშნულ ფეისბუქსტატუსს წინა მოწვევის საკრებულოს სოციალური კომისიის ხელმძღვანელის, ია ჩხაიძის კომენტარი მოჰყვა:
“იდეის ავტორი და იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ სკოლას, მაქ რომ ყოფილიყო, რამე დაშავდებოდა?!” _ წერს ია ჩხაიძე, რომელიც ამჟამად სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს ლანჩხუთის მერიაში.