ა(ა)იპ “საფეხბურთო სკოლის” ცალკე სამსახურად დაფუძნებას ლანჩხუთის საკრებულომ ბოლო სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი იმ არგუმენტით, რომ ეს ფეხბურთის ფედერაციის პირდაპირი მოთხოვნაა.
საკითხთან დაკავშირებით გამომსვლელები სხდომაზე ცალსახად აღნიშნავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის სკოლისთვის ფედერაციის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას.
მანამდე კი აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა და ბიუროს სხდომებზე განიხილეს სკოლის თანამშრომელთა წერილის საფუძველზე. საკრებულოსთვის მიმართულ წერილობით განცხადებაში ისინი ითხოვდნენ, რომ დღის წესრიგში დამდგარიყო საფეხბურთო სკოლის “სპორტული ცენტრიდან” გამოყოფის და დამოუკიდებელ სამსახურად შექმნის საკითხი.
წერილის ავტორთა ერთ-ერთი არგუმენტით, დამოუკიდებელ ერთეულად არარსებობის გამო, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სკოლას მესამე კატეგორია მიენიჭა, რამაც გამოიწვია მისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარების საგრძნობლად შემცირება.
საკითხმა შიდა განხილვებისას დეპუტატთა გარანტირებული მხარდაჭერა მიიღო და სწორედ საკრებულოს მხრიდან დაფიქსირებული ინიციატივისა და რეკომენდაციის საფუძველზე დადგა მერიაში საფეხბურთო სკოლის ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბების საკითხი დღის წესრიგში. თუმცა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც თან ერთვოდა სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხს, ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლში, საკრებულოსგან განსხვავებით, საკითხს ერთსულოვანი მხარდაჭერა ნამდვილად არ ჰქონია.
ლაშხია თავის წერილობით მოსაზრებაში განმარტავს, რატომაა არამართებული, ამ ეტაპისთვის მაინც, “საფეხბურთო სკოლის” ცალკე სამსახურად ფუნქციონირება.
“ისმება ა(ა)იპ “საფეხბურთო სკოლის” ა(ა)იპ “სპორტული ცენტრიდან” გამოყოფის საკითხი, რაც ამ ეტაპზე არ არის მართებული იმის გამო, რომ რეორგანიზაციიდან ერთი საფინანსო წელიც არ არის გასული. ასევე, საფინანსო წლის შიგნით ერთი იურიდიული პირის ორ იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გამოიწვევს ხარჯების ზრდას. ამასთან, გამოყოფის ორგანიზატორებს არ აქვთ წარმოდგენილი განსახილველად ახალი რეორგანიზაციის სტრუქტურა და არ არის გაწერილი ხარჯები, რათა მოხდეს დეტალური ანალიზი.
თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად ჩათვლის რეორგანიზაციას, ამ შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში უნდა გახორციელდეს ახალი ა(ა)იპ–ის შექმნა, რაც, თავის მხრივ, შეთანხმებული იქნება ზემდგომ სტრუქტურასთან“, _ ვკითხულობთ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო სამსახურის უფროსის წერილობით მოსაზრებაში, რომელიც, საბოლოოდ, გაუზიარებელი დარჩა.
ცნობისთვის, ა(ა)იპ “საფეხბურთო სკოლის” შერწყმა სპორტულ ცენტრთან გასული წლის მარტში, მერის ბრძანების საფუძველზე გახორციელებული რეორგანიზაციისას მოხდა. მაშინ “გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლის” შეერთებაც იყო გათვალისწინებული, იმ მოტივით, რომ ცვლილებები ფინანსური რესურსების დაზოგვას წაადგებოდა სასიკეთოდ. თუმცა, გოგონათა საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელმა, დურმიშხან ჩხაიძემ მოახერხა გოგონათა სკოლა ცალკე სტრუქტურად შეენარჩუნებინა.