შესაძლებელია თუ არა ბინის შესაძენად 2500-ლარიანი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება პირველ იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების პირობებში, – ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ თუ მოქალაქეს ან ოჯახს შემოსავალი თვეში 2500 ლარი აქვს, 60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შეძენა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის მეშვეობით შეუძლია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს ამ თემაზე კითხვა პარლამენტში მიმდინარე განხილვისას დაუსვეს: „ახლად დაქორწინებულ წყვილს, რომელსაც ჯამში, ყოველთვე 2000-2500 ლარის შემოსავალი აქვს და სურთ იყიდონ ბინა, როგორ უნდა მოიქცნენ“.
ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისთვის, 60 კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად, მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს. ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
უწყებაში მცდარს უწოდებენ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება.
„რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის“ არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია. სესხები, მათ შორის იპოთეკური, უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებელს რამე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას“, – აღნიშნავენ ბანკში.