„მსურს, მთავრობას მოვუწოდო, რომ ვენეციის კომისიასთან ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებით საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს დაანგრევენ. ვინმე ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროპელ ექსპერტებზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნია, თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს, რაც ძალიან სასაცილოა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
ალაფიშვილი მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში სხვადასხვა კანონპროექტთან მიმართებით ვენეციის კომისია უფრო და უფრო კრიტიკული იქნება, რასაც ეს პარლამენტი იმსახურებს“.
_ ბატონო ლევან, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცედურებს ითვალისწინებს, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა და მმართველ პარტიას რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება ურჩია. რამდენად მწვავედ აღიქვით აღნიშნული დასკვნა? და, ასევე, როგორ ფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩაიგდო თავი მაშინ, როცა კანონპროექტი კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე პირველი მოსმენით მიიღო და მეორე მოსმენით განიხილა?
_ ვენეციის კომისიის დასკვნა ისეთი კრიტიკულია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც კი აღნიშნულის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ევროპელი ექსპერტების იმ რეკომენდაციებს, რომელთა ნაწილი პოლიტიკურია, არ გავითვალისწინებთო, რაც სასაცილოა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე კანონპროექტის განხილვას, “ქართული ოცნება“ კონსტიტუციის განხილვების პროცესშიც ანალოგიურად მოიქცა. მმართველი პარტია პროექტს განსახილველად ვენეციის კომისიასთან აგზავნის, მაგრამ განხილვას ისე იწყებს, რომ დასკვნას არ ელოდება, რაც სახელმწიფოს აზიანებს. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში სხვადასხვა კანონპროექტთან მიმართებით ვენეციის კომისია უფრო და უფრო კრიტიკული იქნება, რასაც ეს პარლამენტი იმსახურებს.
_ ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მმართველ პარტიას უნდობლობას უცხადებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მე-9 მოწვევის პარლამენტმა თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში განსამწესებელ მოსამართლეთა რაოდენობის მხოლოდ ნაწილი დანიშნოს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რეკომენდაცია ორგანულ კანონში არ აისახება. როგორ ფიქრობთ, კომისიის აღნიშნული რჩევა ირაკლი კობახიძემ, ე.წ. პოლიტიკურ რეკომენდაციად რატომ წარმოაჩინა?
_ ირაკლი კობახიძე საკითხს პოლიტიკურად წარმოაჩენს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აპრავებს. საქართველოში ევროპელ ექსპერტებთან ურთიერთობის საკმაოდ სახიფათო და შემაშფოთებელი ტენდენცია ყალიბდება. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან კურიოზულად თანამშრომლობს. აღნიშნულ რეკომანდაციაში ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, წერტილი არ დაუსვათ ქართულ დემოკრატიას და დაუტოვეთ შანსი მომდევნო პარლამენტს შეცდომების გამოსწორებისთვისო. აღნიშნულის გათვალისწინება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს კი არა, მთელ პარლამენტს მოეთხოვება.
_ ევროპელი ექსპერტები, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გაუქმებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კვალიფიკაციის გასაჯაროებასა და ბოლო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას ითხოვენ. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ფონზე, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება რამდენად მნიშვნელოვანია?
_ ბუნებრივია, თითოეული რეკომენდაციის გათვალისწინება სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად მარგინალიზებული და საზოგადოებისგან გამიჯნულია. მსურს, მთავრობას მოვუწოდო, რომ ვენეციის კომისიასთან ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულებით საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს დაანგრევენ. ვინმე ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროპელ ექსპერტებზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნია, თავს უფლებას აძლევს, ვენეციის კომისიის რევიზია მოახდინოს, რაც ძალიან სასაცილოა.
_ იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოდიოზურ მოსამართლეებს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა, გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?
_ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, აქ მაქვს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ პარტიულ კანონს მიიღებს. მმართველმა პარტიამ მხოლოდ, შესაძლოა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გააჭიანუროს, რათა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოების მღელვარება შემცირდეს. პარტია თავზე რომ არ ჩამოეშალოთ, კანონს მიიღებენ და გარკვეული პროცედურების აღსრულებას დროში გაწელავენ.