შეეცადეთ, გაუგოთ მათ… მერე რა, რომ როცა ისინი იმავეს ცდილობენ, მაგრამ თითქმის არაფერი გამოსდით.
როგორები არიან ისინი სინამდვილეში? ან, რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ქარაფშუტა არსებები ვართ, მაშინ, როცა ლოგიკა მათზე გაცილებით მძაფრი გვაქვს?!
კაცებს არ უყვართ საყიდლებზე სიარული – პირიქით, ძალიანაც უყვართ, მაგრამ, მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და, ამიტომაც, მაღაზიიდან მაღაზიაში არ დაბოდიალობენ – განსხვავება სულ ესაა და ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს. მამაკაცი ძალიან შორს არ წასულა თავისი შორეული წინაპრისგან. ბუნებით ისევ მონადირედ რჩება და ამ თვისებას ყველაფერში ავლენს.
მამაკაცმა შესანიშნავად იცის, რა სჭირდება ქალის ემოციურ ბუნებას და, თუ ლაპარაკობს სიყვარულზე მაშინ, როცა, რეალურად, სექსი უნდა, ის ამით პასუხობს მოთხოვნას. პრინციპში, ქალმაც ხომ იცის ეს? თუმცა, სიყვარულიც შეუძლია და ამისი მაგალითები არსებობს: კაცი პოულობს ქალს, რომელსაც თავისი „ნაშიერების“ დედად მოიაზრებს და რჩება მასთან.
ტყუილია, თითქოს მამაკაცისთვის სულერთია, არის თუ არა წესრიგი სახლში. პირიქით, ის წესრიგსაც კარგად ამჩნევს და უწესრიგობასაც. უბრალოდ, ზოგი ჩუმად არის, ზოგიც მოითხოვს, რომ მტვერიც გაქრეს, ნაგვიანი ურნაც დაიცალოს და ჭუჭყიანი წინდებიც დროულად გაირეცხოს. მგონი, კარგია, როცა ქმარი ჩუმად ელოდება, როდის დალაგდება მისი საცხოვრებელი, მაგრამ, წუწუნს ვერ იტანს და არც ის მოსწონს, როცა ცოლი აპლოდისმენტებს ითხოვს. რისთვის? – უკვირს მას, – ეს ყველაფერი ხომ მისი საქმეაო.
მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. მთლად ასეც არ არის საქმე. მამაკაცს შეუძლია, იყოს ძალიან ემოციური, მაგალითად, როცა საკითხი ფეხბურთს ან ახალ ავტომობილს ეხება. ეს – ხუმრობით, მაგრამ, სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, კაცს უჭირს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე ლაპარაკი. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, უბრალოდ, მორცხვობს და ერიდება – მას ხომ სულ იმას ასწავლიდნენ, რომ ბიჭია და ყველაფერი უნდა მოითმინოს. ასე რომ, გაუგეთ მამაკაცებს!