16 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ღია კარის დღე მოეწყო, რაც თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთაგან არავინ ესწრებოდა და ცარიელი სკამების და მაგიდების ფონს უფრო დემონსტრაციული უარის ელფერი დაჰკრავდა.
ეს ცარიელი სკამები მერიის ჩინოვნიკებისთვის იყო გათვლილი
მოქალაქეებს დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი უსმენდა. მომსვლელთა უმეტესობა ითხოვდა სახლისთვის სახურავს, ხოლო რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოქალაქეთა საკმაო ნაწილი ისეთიც იყო, ვისაც სახლები გადაუხურეს და ახლა, ითხოვდნენ, თუნდაც იატაკის დაგებას.
_ “სახლის შესასვლელში ცემენტი აყრილია“; “სახლი კი დამიხურეს, მაგრამ “პატალოკი” არ აქვს; “ადიალა” მაქვს აფარებული“; “ჭიშკართან “კანაოა“… _ არა ერთი ასეთი მოთხოვნაც გაჟღერდა.
“გურია ნიუსი” ესწრებოდა მიღების პროცესს და უსმენდა მოქალაქეებს, რომელთაგან ბევრის გასაჭირი მართლაც უმძიმესია. ამიტომ სწორედ მათზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვინც შეჭირვებულთა შორის კიდევ უფრო შეჭირვებულია და სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.
შეხვედრის დაწყებისთანავე, მოქალაქემ სოფელ დვაბზუდან, რომელიც სოფელში გზის პრობლემების შესახებ საუბრობდა, იკითხა, სად არიან ადამიანები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომლებსაც მათი პრობლემების შესახებ უნდა მოესმინათ.
სოფელ ასკანის თემში, მზიანში მცხოვრები ჟუჟუნა ჯინჭარაძის ერთადერთი შვილი, 22 წლის ასაკიდან საწოლს არის მიჯაჭვული.
_1992 წელს, როცა ქვეყანაში სრული განუკითხაობა იყო, მეზობელი დააყაჩაღეს. ჩემი შვილი მაშინ 22 წლის იყო. მისაშველებლად გაიქცა. ყაჩაღებმა ტყვია შეაგებეს და ხერხემალი დაუზიანდა. მას შემდეგ საწოლს არის მიჯაჭვული. ერთი წუთით ვერ ძლებს უჩემოდ. სოციალურ დახმარებას ხან დაგვინიშნავენ, ხან _ მოგვიხსნიან, გვიშველეთ რამე, _ ტიროდა ქალბატონი, რომელსაც დახმარება აღუთქვეს.
სოფელ დვაბზუს წარმომადგენლები მერის წარმომადგენლის სასწრაფოდ დანიშვნას მოითხოვენ სოფელში.
_ გამაგებინეთ, სოფელს გამგებელი რომ არ ჰყავს, რა გახდა სოფელში ერთი კაცის დანიშვნა?! რა დავაშავეთ?! არის იქ ვასო ღლონტი, რომელიც ვითომ მოვალეობას ასრულებს. ვინ არის ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო?! არ გვინდა ჩვენ ის. დროზე დანიშნოს მერმა წარმომადგენელი, თორემ გზას გადავკეტავთ. ეს არის ხალხის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, _ თქვა სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლია ღლონტმა.
სოფელ კონჭკათის მკვიდრმა, მზიური ქარცივაძემ საკუთარი ძალიან ძველი სახლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახლს სახურავიც არ აქვს.
_ მოვიდნენ, დაასურათეს, განცხადებაც დავწერე, მაგრამ შინ შევინახე. მერიიდან მითხრეს, ჯერ არ შემოიტანო, თანხების მოძიებაა საჭიროო, _ თქვა მან.
_ კი მაგრამ, სახლში რომ გიდევს განცხადება, რად გინდა? უნდა შემოიტანო. თუ სახლი ავარიულია და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, იქნებ, ფართი დაგიქირაონ, _ უთხრა მას დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.
ტირილით დაიწყო თავისი გასაჭირის მოყოლა ნატანებელმა თამუნა ქარდავამ:
_ ექვსი წლის ბიჭი გულის მანკით მყავს ავად. ახლახან გაუკეთდა ოპერაცია. დაბადებიდან საავადმყოფოში მყავს. კვლავ ოპერაციას საჭიროებს და როგორმე მიშველეთ, გზაზე დამაყენეთ, _ ითხოვა მან.
ნატანების დეპუტატმა, რომელიც ახლდა ქალბატონს, განმარტა, რომ ოჯახი დღემდე არავის აწუხებდა, ახლა კი აუცილებლად საჭიროებს თანადგომას.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ უთხრა თამუნა ქარდავას, რომ ის დღემდე არ მოსულა ხელისუფლებასთან.
_ დიახ, არ გაწუხებდით, მერიდება, მაგრამ გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. ახლა ასეთ დღეში ვართ, ამიტომ მოგადექით და ესეც მერიდება, _ ტიროდა ის.
ქარდავას მაქსიმალურ თანადგომას შეჰპირდნენ.
სოფელ ასკანის მკვიდრმა ცისანა ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ სამი შვილის მარტოხელა დედაა. სახლი არ აქვს და დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობს:
_ ძალადობის მსხვერპლი ვარ. ყოფილი ქმარი ამის გამო, ერთი წელია, დაკავებულია. სახლის პატრონთან დროებით ვარ, სოფლის გამგებელმა შემასახლა, მაგრამ ხვალ რომ მომთხოვოს, სახლიდან გამოდიო, სად წავიდე სამი შვილით? იქნებ, დამეხმაროთ, _ ითხოვა მან.
დეპუტატმა ლელა საჯაიამ განუმარტა მას, რომ შესაძლებელია დახმარება და მალე შეატყობინებენ ამის შესახებ.
_ გულსისხლძარღვთა დაავადება მაწუხებს. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. თითქმის, უსახლკარო ვარ. დანგრეულია ყველაფერი. ქვეწარმავალი შემოვიდა სახლში და პირდაპირ აკვანს დაეხვია. იქნებ, სამშენებლო მასალით დამეხმაროთ, რომ ორი ოთახი მაინც მქონდეს და ქვეწარმავლები არ შემოძვრნენ სახლში, _ თქვა სილაურის მცხოვრებმა ელგუჯა გირკელიძემ.
დავით დარჩიამ ჰკითხა მას, სამშენებლო მასალით რომ დაეხმარონ, თუ შეძლებდა დანარჩენი საქმის გაკეთებას. გირკელიძემ განაცხადა, რომ მეზობლების დახმარებით შეძლებს საჭირო სამუშაოების ჩატარებას.
სოფელ ჭანიეთის მკვიდრმა გულნარა შავიშვილმა, ასევე, ტირილით დაიწყო მოყოლა, თუ როგორ დაეწვა ერთი პატარა “ქუხნა” სახლი, რომლის მეტი არც არაფერი გააჩნდა.
_ მოვიდნენ, გადაიღეს სურათები, დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ დღემდე მოლოდინში ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, იქნებ, მომეშველოთ, _ ითხოვა მან.
ჯუმათელმა ლიანა ჩხარტიშვილმა ღია კარის დღის ყველა მონაწილეს მიმართა:
_ ჩემ დღეში ქვეყნად ნურავინ ჩააგდოს, დედებს აშოროს ღმერთმა ის, რაც მე გავიარე. სამი შვილი ადრე მყავს გარდაცვლილი. მეუღლე ავადმყოფი მყავს, არაფრის კეთება არ შეუძლია, ინსულტიანი 55 წლის შვილი ლოგინადაა ჩავარდნილი. სამი წელია, დახმარება მომიხსნეს. ვინმე ჩემზე უარეს დღეშია? ასეთ გასაჭირში მყოფს თუ არ დამეხმარებიან, ვის ეხმარებიან?! _ იკითხა ქალბატონმა.
დავით დარჩიამ აღუთქვა, რომ მაქსიმალურ ღონისძიებას გაატარებენ.
ღია კარის დღეზე ოცდაათამდე მოქალაქე მიიღეს და მოუსმინეს. მოსულთაგან უპასუხოდ არავინ წასულა და უკლებლივ ყველას აღუთქვეს, რომ დაეხმარებიან. თუ რამდენად დროულად შესრულდება ეს დახმარება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. “გურია ნიუსი” პროცესებს თვალს მიადევნებს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ღია კარის დღეზე მუნიციპალიტეტის მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა, მერიაში განმარტეს, რომ შეტყობინება გვიან მიიღეს:
_ შეტყობინება გვიან გამოაგზავნეს. მერიამ ერთი დღით გადადება ითხოვა, რადგან უკვე დაგეგმილი იყო სხვადასხვა ღონისძიება და გასაკეთებელი საქმეები. ხოლო მერი და პირველი მოადგილე ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, _ გვითხრეს მერიაში.
_ ტრენინგებია, საქმე გვაქვს, _ უთხრა “გურია ნიუსს” საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.
კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ გვითხრა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია და ამ წუთებში ახდენდა ვაჟა აზარაშვილის კონცერტის ორგანიზებას (ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში კომპოზიტორის შემოქმედებითი საღამო გაიმართა).
იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, რომ უფროსის დავალებით საქმეზე იყო წასული, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კი კაბინეტში საერთოდ არ დაგვხვდა.