ჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ეს კომპანია ჭავჭავაძის ხუთ ნომერში აწარმოებდა სამუშაოს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა.
ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება.
ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი.
მიწა, სავარაუდოდ, იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.