სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მოკლევადიან კურსებს 1426 ადამიანი გაივლის.
თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული.
სასწავლო კურსები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზეა შემუშავებული. პროგრამის მონაწილეები 31 მოთხოვნად პროფესიას ეუფლებიან.
პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.
სწავლის დამთავრებისთანავე, კურსდამთავრებულებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, მყისიერი დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მეორე ეტაპი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება.