საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.
ხუთვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია. ასევე, განთავსებულია: საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“, 5 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“, მსოფლიოში განათების ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ Lasvit-მა დაამზადა.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია Wyndham Hotels & Resorts ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, სასტუმროს მშენებლობისთვის საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარია“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Wyndham Grand-ის ბრენდი, Wyndham Hotel Group-ში შემავალი სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა. (R)