“ღრმაღელის თემი დაწყევლილია თუ ჯადო აქვს რამე გაკეთებული, არ ვიცი. ნებისმიერ სოფელში ერთი პრობლემა მაინცაა მოგვარებული _ ან გაზია შეყვანილი, ან წყალგაყვანილობაა გაკეთებული და ასე შემდეგ, მაგრამ ღრმაღელეში მსგავსი არაფერი ხდება. ეს მოსახლეობის აბუჩად აგდებაა!”_ ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემები გააჟღერა საკრებულოს ბოლო სხდომაზე სოფლის მაჟორიტარმა კახა თედორაძემ.
კახა თედორაძემ ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მეზობელ ოზურგეთთან საზღვრის დემარკაციის საკითხიც დასვა:
“როცა გრიგოლეთის განვითარებაზეა საუბარი, ურეკში კეთდება ბულვარი, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალმა ყვავილნარმა კი რა დააშავა?! ის კუნძულივით რჩება. შუა თემში მიწები მეზობელი ოზურგეთის _ შრომისუბნის მოსახლეობას აქვს და ამბობენ, რომ ეს ტერიტორია ოზურგეთის კუთვნილებაა. ის ადგილობრივებიც კი ასე ფიქრობენ, ვისაც ამ ტერიტორიაზე მიწები აქვთ. არადა, ურეკის რკინიგზის სადგური რომ მთავრდება, იმის შემდეგ უკვე ჩვენი მუნიციპალიტეტია. ეს არის სადმე დაფიქსირებული?! სოფლის შუა ტერიტორიაზე მეუბნებიან, რომ ეს ოზურგეთის მიწაა, ირგვლივ კი ლანჩხუთია. ასეთი გაგიგიათ ან გინახავთ სადმე?! წყალი _ არა, გაზი _ არა, მიწა _ არა. მეტიც, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საზღვარზე კერძო მესაკუთრე სახლს აშენებს, ზედ გზაზე. ამბობს, რომ ეს მიწა მისი კერძო საკუთრებაა. მოსახლეობა გზის გარეშე რჩება _ თურმე, ეს გზა არსად არ ფიქსირდება”, _ აღნიშნა წარმომადგენელმა საკრებულოში.
თედორაძის მიერ წამოჭრილ პრობლემას მიწის საკითხთან დაკავშირებით მხარი საკრებულოს სხვა წევრებმაც აუბეს: “გასაგებია, რომ ეს ტერიტორია შრომისუბნის მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებად უფიქსირდებათ და არც შეიძლება საუბარი მათთვის საკუთრების ჩამორთმევაზე, თუმცა, უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს მიწები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა და დადგინდეს საზღვარი მეზობელ მუნიციპალიტეტთან”, _ თქვეს დეპუტატებმა.
რეალურად, რა და როგორაა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწებთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სპეციალური კომისიის შექმნა დააანონსა, რომლის შემადგენლობაში იურისტებიც შევლენ:
“ვიცი ამ მიწების შესახებ. ჩემი წინადადებაა, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია და დეტალურად იქნას მოკვლეული ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი, რა თქმა უნდა, იურისტების მონაწილეობით.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, მიმაჩნია, რომ ღრმაღელისთვის ყველაზე დიდ პრობლემად გზა რჩება. ბოლო ორი თვის განმავლობაში მესამედ მოხდა ამ გზის “დაგრეიდერება”, მაგრამ აზრი არ აქვს. ორი პროექტი, რომელთა გახორციელება, ჯამში, შვიდ მილიონამდე ჯდება, გასულ წელს შევისყიდეთ და ახლა დაფინანსებას ველოდებით. გარდა ამისა, სოფლის წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ამ კუთხით სამუშაოები დაიწყება.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის თემას, უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსულები და ეს თემაც მალე მოგვარდება”, _ დააიმედა ალექსანდრე სარიშვილმა ღრმაღელის მაჟორიტარი.































































