8 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ _ ისინი მდინარე ბჟუჟზე მცირე ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, რომლის პროექტის პრეზენტაციასაც “ბჟუჟაჰესის” მფლობელი ბეჟუაშვილის კომპანიის წარმომადგენლები გეგმავდნენ.
შემოქმედელთა ერთიანობის დასტური, როგორც თავად გვითხრეს, იყო ადმინისტრაციული შენობის ფასადზე გამოკრული ბანერი: “სოფელი არ დაუშვებს კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას”, რომელიც იქვე გამყარებული იყო ილიას შეგონებით: “ვაი იმ ქვეყანას, სადაც “მე” ხშირია და “ჩვენ” _ იშვიათი”.
შემოქმედის მცხოვრებთა დიდი ნაწილი საპროტესტოდ იყო მომზადებული სოფელში ახალი მიკროჰესის მშენებელთა წინააღმდეგ, რომლებიც აქ პროექტის პრეზენტაციის მოტივით მივიდნენ და მოსმენა ითხოვეს, რათა კარგად გაეგოთ ადგილობრივებს, რომ მათთვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრებდნენ.
“მხოლოდ შემოქმედის ინტერესებიდან გამომდინარე!” _ გაისმა ულტიმატუმი დარბაზიდან, როცა პროექტის დირექტორი გიორგი მარგებლიძე პრეზენტაციისთვის მოემზადა და საუბრის დაწყება სცადა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ სთხოვა დარბაზში შეკრებილთ, რომ მოესმინათ, რაზე იყო საუბარი და მერე, რამდენიც სურდათ, იმდენი კითხვა დაესვათ:
_ თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. ჯერ მოვუსმინოთ. მეც ერთი თქვენგანი ვარ დღეს, _ უთხრა მან შემოქმედელებს.
გიორგი მარგებლიძემ ვიდეომასალის მეშვეობით სცადა, ადგილობრივებისთვის აეხსნა, თუ როგორი შედეგიანია მცირე ჰესები ავსტრიაში და ქვეყანა არის ძლიერი, რომ ჰესის მშენებლობა ბუნების და ადგილობრივთა დაზარალების ხარჯზე არ მოხდება:
_ აქ ჩვენ არ მოვსულვართ ბულდოზერებით. გავერკვეთ, რა ზიანს და რა სარგებელს მოგვიტანს და მერე ერთად გადავწყვიტოთ, _ თქვა მან. თუმცა, დარბაზში მყოფებმა მეტის გაგრძელება აღარ ისურვეს.
“გადმოფრინდი შვეიცარიიდან შემოქმედში და მიხვდი, სად ხარ“, “ეუფ, ბულდოზერით არ მოსულა, უკვე დაწერილი პროექტით მოვიდა, რომლის შედგენა არავისთვის უკითხავთ“, “შენ 800 ევროს გიხდის ბეჟუაშვილი და ჩვენ სული გინდათ ამოგვხადოთ“, “შემოქმედი ყარაჯალა ხომ არ გგონიათ თქვენ?!” “აქ არის ერთი ბჟუჟაჰესი და მეორე ჰესი არ აშენდება“, “ნუ გვაბოლებ, ბიძიკო!” _ ისმოდა დარბაზიდან.
_ “ბჟუჟაჰესი” ახლა წყალს ითვლის, _ თავისი არგუმენტებიდან ერთ-ერთი მოიყვანა მარგებლიძემ და სცადა პრეზენტაციის გაგრძელება.
_ ფულს არ ითვლის, ფულს?! _ წამოხტნენ დარბაზში.
შემოქმედის მკვიდრმა გია მამაკაიშვილმა აკადემიური ჟესტი ირჩია და მშვიდად ესაუბრა სტუმრებს თანასოფლელთა განწყობის შესახებ:
_ ყველამ კარგად ვიცით, მომძლავრებული გლობალური პრობლემების შესახებ. ადრეულ წლებში გვახსოვს, როგორი თოვლიანი ზამთარი იცოდა. ბოლო ათი წელია, მდინარე ბჟუჟის ნაკადი შემცირდა. მთებში თოვლი ნაკლებად ან სულ არ არის, ჭებში წყალი დაშრა ან შრება. ჩვენ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი კი არ ვართ, თუმცა, აქ პრობლემაა _ ბჟუჟი ახლა სოფლისთვის ერთადერთი მაცოცხლებელი ძალაა. დიდი ხანია, სოფელს უამრავი ყოფითი პრობლემა გააჩნია. დიასახლისებს იმის საშუალება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ წყლის ტუმბოები ჩაკიდონ მდინარეში. ეს საშუალება მაინც უნდა დარჩეს ხალხს, _ თქვა მან.
მარგებლიძემ კვლავ სცადა პასუხის გაცემა და საუბრის გაგრძელება, თუმცა, უშედეგოდ _ სიტყვის თქმა არ აცალეს და ერთხელ თქმული, კვლავ განრისხებით გაიმეორეს:
“ჩოუყვია ჯიბეში ხელი, გადმოუშვია “საროჩქა“, მაგას 800 ევროს უხდის თავისი უფროსი და ჩვენ აქ სული უნდა რომ ამოგვხადოს უწყლობით! ფეხს არ დავადგმევინებთ შემოქმედში!” “კარგად გვაბოლებ“, _ ყვიროდნენ დარბაზში.
_ ძალიან გთხოვთ, მოვუსმინოთ, დაამთავროს საუბარი და მერე დასვით კითხვები. ისე არ გამიგოთ, რაიმე პოზიციას ვაფიქსირებდე. ხომ უნდა იცოდეთ, რა კეთდება? თქვენი ნების წინააღმდეგ არავინ წავა. მოვუსმინოთ, სტუმარია, ბოლოს და ბოლოს, _ მიმართა დარბაზს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ.
“სტუმარი თუა, წევიყვანოთ რესტორანში. მაი არ გვეშლება ჩვენ!”, არ აშენდება, მორჩა და გათავდა!” _ წამოვიდა რეპლიკა დარბაზიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ჩვენთან საუბარში საკუთარი პოზიცია ასე დააფიქსირა:
“მცირე ჰესების მშენებლობა, მარტო შემოქმედის პრობლემა არაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და მას ევროპაში გარემოს დამცველები “სისხლიან ჰესებს” ეძახიან. ჩვენი სტუმრები, რომლებიც აქ პრეზენტაციისთვის მოვიდნენ ან თავად არიან შეცდომაში შეყვანილები, ან ხალხი განზრახ შეჰყავთ შეცდომაში. მცირე ჰესებს გააჩნია ალტერნატივა და ის ენერგომოპოვების სხვა წყაროებმა უნდა ჩაანაცვლონ“, _ თქვა მგელაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა დავით მამალაძემ შემოქმედელთა პოზიციას სამართლიანი და სახალხო უწოდა”
“ხალხი სამართლიანად წინ აღუდგა მილიონერთა კასტას, რომლებიც კომპანიების, რეჟიმის და ხელისუფლების სახით სულს ხდის მას. სანამ მათი დიქტატი არ დამთავრდება, სულ ასეთი ამბავი იქნება. ენერგეტიკა სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს და ხალხს უნდა ხმარდებოდეს და არა ვიღაც მილიონერებს, რომლებმაც სახელად კომპანიები დაირქვეს და ხალხს ძარცვავენ და ატყუებენ. თუმცა, ნახეთ დღეს, რაც მოხდა. ადვილი არაა ხალხის მოტყუება. ისინი, უბრალოდ, დიდხანს ითმენენ…” _ თქვა მამალაძემ.
პროექტის ავტორმა გიორგი მარგებლიძემ “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:
“რის თქმაც მინდოდა, არ მაცალეს. დამთავრება კი არა, არც დამაწყებინეს. სახლში როცა მივალ, მექნება იმის უკმაყოფილება და განცდა, რომ ჩემი სათქმელი ვერ ვთქვი, ვერ მივიტანე ხალხთან. არ მომცეს ამის საშუალება. მე მინდოდა მეჩვენებინა და მეთქვა, რომ 2012 წლამდე როგორც შენდებოდა, ისე აღარ აშენდება ჰესები.
საბედნიეროდ, დღეს არის ის დრო, როცა ხალხის ნების წინააღმდეგ არავინ მიდის და ვერ მიდის. თუ არ უნდათ, არ აშენდება. მეტი რა გითხრათ?” _ განაცხადა მარგებლიძემ.