არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციულ ქმედებას ქონდეს ადგილი და რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა.
„მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასერიოზულია.
„თუ ვინმე თავისი ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ერთ-ერთი უპირველესი პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე, ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, რომ ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არასერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.