„ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება,“ – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
ნიკა მელიას თქმით, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის და “ქართული ოცნების” ხელისუფლების საპასუხო ქმედებები, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია.
ნიკა მელია ამბობს, რომ საზოგადოება პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობს.
„ეს შენობა აღარ არის პარლამენტის შენობა, თუ გავრილოვს ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ აქვს უფლება იმის, რომ შევიდეს პარლამენტის ეზოში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ ოპოზიციის და მოქალაქეების მიერ წამოყენებული ულტიმატუმები დააკმაყოფილოს. ნიკა მელიას თქმით, უნდა გადადგეს შს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და პარლამენტის თავმჯდომარე.
„ოდნავი შანსი აქვს ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის, თუ კობახიძეს მოხსნის, იმიტომ, რომ მისი დანიშნულია, ყველამ ვიცით, და ის ულტიმატუმები, რომლებიც იქნა წამოყენებული გახარიასთან მიმართებით დაკმაყოფილდება. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან. ჩვენს ინტერესში არ შედის მხოლოდ ივანიშვილის ჩამოგდება, ამ ქვეყნის წარმატება, განვითარება გვინდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.