ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის მიწურულს დაიწყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ლანჩხუთის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნდს მშენებლობა” შეუდგა, რომელთანაც გასული წლის 16 ნოემბერს მილიონ 147 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში 2019 წლის 20 ივლისისთვის უნდა დაასრულოს. თუმცა, ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობა ეჭვობს, კომპანიამ ჩვეულ რიტმში თუ გააგრძელა მუშაობა, დარჩენილ ვადებში მათ ონკანებში წყალი წამოვიდეს.
საქმე ისაა, ქუჩების ჩამონათვალში, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები უნდა აწარმოოს, ბარათაშვილის ქუჩაც მოხვდა. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება კონტრაქტორმა კომპანიამ მიმდინარე წლის გაზაფხულის დასაწყისიდან გააჩაღა კიდეც, თუმცა, როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, უკვე ერთი თვეა, სამუშაოები შეჩერებულია, რაც მათ პრობლემებს უქმნის გადაადგილებაში:
“მოვიდნენ, გადათხარეს და მერე შუა გზაზე მიატოვეს სამუშაოები. თუ ვერ აკეთებდნენ, რაღას თხრიდნენ? ძლივს ნორმალურად მოასფალტებული გზა გვქონდა, ახლა კი ისეთ დღეშია აქაურობა, საკუთარ ეზოში ვერც მანქანით და ვერც ფეხით შევსულვარ წესიერად _ დატოვეს ორმოები და წავიდნენ. კაციშვილი არაა იმის გამკითხავი, რა ხდება და რატომაა შეჩერებული სამუშაოები. ამბობენ, კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ფული “შეჭამა” და ახლა ხელახალი ტენდერი უნდა გამოცხადდესო. ალბათ, ასეცაა. აბა, რატომ ვართ ასეთ გაურკვევლობაში?!” _ ამბობს ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რატომაა ბარათაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები შეჩერებული და როდიდან იგეგმება მისი გაგრძელება. აღნიშნული ინფორმაციის გასარკვევად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით, სადაც სამუშაოების შეჩერების მიზეზად გაზის კორპორაციასთან შეთანხმება დაასახელეს.
“გაცნობებთ, რომ ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების სამუშაოები მოიცავს ბარათაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობასაც. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ამ ქუჩაზე გახორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია და წყლის მილის განთავსება საჭიროებდა ახალი გზის საფარის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრას, დაველოდეთ გაზის კორპორაციის მიერ მილების მოწყობის სამუშაოებს და გაზის მილების მონტაჟის პარალელურად, მოხდება წყლის სისტემის მოწყობაც. გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ იქნა მიღებული, რომ ორ კომპანიას ცალ-ცალკე არ გადაეთხარა ქუჩა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას შეუქმნიდა. გაზის კორპორაციასთან შეთანხმება მიღწეულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში გაგრძელდება”, _ გვიპასუხეს წყალმომარაგების კომპანიაში.
ცოტა არ იყოს, წყალმომარაგების კომპანიისგან მიღებული ეს პასუხი გაგვიკვირდა, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაზის სისტემა წლების წინ დამონტაჟდა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბუნებრივია, “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლობას დავუკავშირდით. როგორც კომპანიაში გვითხრეს, მათ ლანჩხუთში და მით უმეტეს, ბარათაშვილის ქუჩაზე არანაირი სამუშაოების გახორციელება არ აქვთ დაგეგმილი.
“გურია ნიუსმა” ინფორმაციის გადამოწმება, თუ რატომაა ბარათაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები შეჩერებული მუნიციპალიტეტის პირველ პირთან, ალექსანდრე სარიშვილთან სცადა. როგორც მერმა გვითხრა, ბარათაშვილის ქუჩაზე სამუშაოების განახლება მალე დაიწყება:
“არ ვიცი, რა ვერსიები აქვთ წყალმომარაგებისა და გაზის კომპანიებს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოები ამ ქუჩაზე დღესვე დაიწყება. ჩართული ვარ ამ საქმეში, მასალები უკვე შემოტანილია და სამუშაოები განახლდება”, _ გვითხრა სარიშვილმა.