ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე #14 სახლის სამივე სადარბაზოს შესასვლელთან პატარა ნაკადულებად, სამი მიმართულებით მომდინარე წყალს ნახავთ, რომელიც ერთ-ერთ ეზოსთან ერთდება და აქ მცხოვრებთა თქმით, ბაყაყებისა და ანტისანიტარიის ბუდედ, კარგა ხანია, წარმოიშვა. როგორც გვითხრეს, ეს სუფთა წყალია, რომელიც დიდი ხანია, ტყუილად იღვრება.
_ რამდენჯერ მივმართეთ “წყალკანალს”, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. ეს წყალი ჭებიდან ადის კორპუსის სახურავზე და მერე ნაწილდება ბინების მიხედვით. სულ ასეთი ამბავია. დიდი ხანია, პრობლემა ვერ მოგვარდა, _ გვეუბნებიან ხსენებული სახლის მცხოვრებლები: რუსუდან ქარქოსაშვილი, ტანია ქერქაძე, ნაპო და მარი ნიკაგოსიანები, გენადი კლუჩინსკი და სხვები.
მათი თქმით, აქ, ეზოში, დიდხანს იყო ორმოებიც.
_ ვერ გაივლიდი _ ფეხის ყოველ ნაბიჯზე “იამკა” იყო და ივსებოდა წყლით. მერე ერთი კარგი კაცი გარდაიცვალა აქ და იმ დროს დაყარეს ხრეში. მანამდე ის ორმოები ივსებოდა წყლით. თუმცა, ახლაც არაა დიდი უკეთესობა _ წყალი ისევ დგება გუბეებად. იქეთ, ბოლოში კი, უფრო დაბლობ ადგილას, სადაც წყალი ჩაედინება, გაკეთდა ჭაობი _ დაიბუდეს ბაყაყებმა და მთელი ღამე არ გვაძინებს მათი გნიასი. შესაძლოა, იქ ქვეწარმავლებიც იყოს. როდის დადგამენ ამ მრიცხველებს, ჩვენ არ ვიცით და პრობლემას ხომ უნდა ეშველოს? _ გვეუბნებიან ისინი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ნამდვილად სუფთა წყალია ეს და ხომ არ ერევა საკანალიზაციო და ზოგადად, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის მოხმარებულ წყალში, მათ თქვეს, რომ ეს არის აბსოლუტურად სუფთა წყალი, რომლის უმიზეზოდ კარგვის მიზეზი თავადაც არ იციან.
_ ჩვენ ის ვიცით, რომ მრიცხველები ჯერ ამ კორპუსში დაყენებული არ არის. ამიტომ არ უფრთხილდება ბევრი თუ ზოგადად, “წყალკანალის” მოსაგვარებელია ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით. ჩვენ ის ვიცით, რომ ძალიან შეწუხებული ვართ ამ ამბით, _ თქვეს მათ.
“გურია ნიუსი” საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთი-ჩოხატაური-ლანჩხუთის გაერთიანებული სერვისცენტრის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ამ კორპუსში, როგორც მე ვიცი, ერთიანი სისტემა არ არსებობს. იქ მცხოვრებლებს აქვთ ჭები და ძირითადად, წყალს იქედან მოიხმარენ. პრობლემა, რომელზეც მესაუბრებით, შესაძლოა, იყოს შიდა კომუნიკაციის ბრალი. შიდა პრობლემა კი კორპუსში მცხოვრებთა ძალისხმევით უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამის არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია. თუ გარე კომუნიკაციის პრობლემაა, ორშაბათს, დილითვე გავუშვებ თანამშრომლებს და ყველაფერი მოგვარებული იქნება. თუმცა, გავიმეორებ _ მე როგორც ვიცი, ეს არის შიდა ქსელის პრობლემა, რაც თავად მოსახლეობამ უნდა მოაგვაროს. სახლი რომ მათ საკუთრებაშია, უნდა გაითავისონ და პრობლემებს მიხედონ. რაც შეეხება მრიცხველებს _ გეტყვით, რომ იქაც და სხვაგანაც, არაერთხელ, როცა მივედით დასადგამად, მიტინგები გაგვიმართეს, არ გვინდაო. ახლა კი, მე ვწყვეტ, დავდგა თუ არ მრიცხველი. ოღონდ ჯერ შიდა ქსელი უნდა მოაწესრიგონ თავად, _ გვითხრა დავით ცერცვაძემ.