69 წლის დურმიშხან სოსელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მკვიდრია. ის ბოლო ერთი კვირაა, რედაქციას სტუმრობს და “გურია ნიუსს” ისევე თხოვს დახმარებას, როგორც სამი წლის წინ სთხოვდა.
_ როგორმე მიშველეთ. მარტოხელა რადგან ვარ, თან ასაკში, ზოგი აბდალს მეძახის, ზოგმა უკვე დაბალ ღობედ მიმიჩნია სამუდამოდ. რაც თქვენ გამირკვიეთ ორი წლის წინ, მერე ჩემთვის საქმე წინ არ წასულა, _ გვითხრა ცრემლმორეულმა დურმიშხან სოსელიამ.
ამ მარტოხელა კაცის შესახებ ორი წლის წინ, ჩვენ ორჯერ უკვე ვწერდით და იქვე გვქონდა დაპირება, რომ მის საქმეს თვალს მივადევნებდით.
_ 21-ე საუკუნეში, პირუტყვთან ერთად, სადგომში ვცხოვრობ. ჩემი სამყოფი ყველაფერი მქონდა, 1987 წლიდან კი ასეთ დღეში ვარ _ მაშინ მიწისძვრამ სამოთახიანი სახლი დამინგრია. შუაში გადარჩა ერთი ოთახი, კედლებდაბზარული. მას შემდეგ დავდივარ და ყველა მთავრობას დახმარებას ვთხოვ. მათხოვარი არ ვარ. კომუნისტური მმართველობის დროს სამ განაკვეთზე ვმუშაობდი: ფერმაში მწველავი ვიყავი და ორგან _ დარაჯი. მერე დაინგრა ქვეყანა, მიწისძვრამაც ზედ დამიმატა გასაჭირი და დღემდე ასე გაწვალებული დავეხეტები. ძალიან ბევრ ადამიანს მოვხმარებივარ და ახლაც არავის ვეუბნები უარს. ხან ფულსაც მაძლევენ, მაგრამ ისე არ ვარ წამხდარი, მეზობელს სულ ფული მოვთხოვო დახმარებაში, _ გვითხრა მაშინ სოსელიამ და გვიამბო, თუ როგორ მიიღო მთავრობისგან დახმარების სახით 500 ცალი სამშენებლო ბლოკი, 4 ტონა ცემენტი და თუნუქის სახურავი სახლისთვის. ამბობდა იმასაც, რომ ეს საშენი მასალა მთლიანად სესხად მისცა სოფლის მაშინდელ გამგებელს, ზურაბ ტუღუშს, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ამ ამბების შემდეგ კი სოსელიას, როგორც თვითონ ამბობს, არ უჯერებდნენ, რომ მან ნამდვილად ასესხა საშენი მასალა მაშინდელ სოფლის გამგებელს, რადგან ტუღუშის ოჯახი, როგორც თავად ამბობდა, უარყოფდა ამ ფაქტს.
მაშინ “გურია ნიუსმა” დაადგინა, რომ სოსელიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2014 წელს, როგორც სტიქიით დაზარალებულს, გამოუყო ხის მასალა და თუნუქის სახურავი, ასევე, 500 ცალი საკედლე ბლოკი და ოთხი ტონა ცემენტი. სოსელიამ სახურავი შინ შეინახა და დღესაც აქვს. საშენი მასალა კი მაშინდელ გამგებელს, მისივე თხოვნით ასესხა, ოზურგეთიდან სილაურამდე მასალის გადატანაში 100 ლარიც თავად გადაიხადა დაქირავებული მძღოლისთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მაშინ ჩვენ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ სოსელიამ ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე მაღაზიით ისარგებლა. კერძოდ, ინდმეწარმე კახა კანდელაკმა უსასყიდლოდ გადასცა სოსელიას 500 ცალი ღრუტანიანი წვრილი საკედლე ბლოკი და ოთხი ტონა ცემენტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ თავად სოსელია და ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ზურაბ ტუღუში (დოკუმენტაცია, რომელიც მაღაზიის მეპატრონემ გადმოგვცა მაშინ, დღემდე რედაქციაში ინახება. ავტ.)
სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ერთი წლის წინ, სოფელ სილაურის გამგებელი ზურაბ ტუღუში გარდაიცვალა, ხოლო დურმიშხან სოსელია, მისი თქმით, “დღემდე სამართალს ეძებს” და ითხოვს ცემენტსა და ბლოკს, რომელიც მას შინ არ მიუტანეს. ხოლო, რაც მიუტანეს _ თუნუქის სახურავი, ის კი არ დაუკარგავს, როგორც თავად გვაჩვენა, მეზობლის _ დინა მორჩილაძის ოჯახში ინახება.
ინდმეწარმე კახა კანდელაკმაც “გურია ნიუსთან” დაადასტურა, რომ მისი მაღაზიიდან ბლოკი და ცემენტი სოფელ სილაურის მაშინდელმა გამგებელმა (აწ გარდაცვლილმა) ზურაბ ტუღუშმა წაიღო:
_ მე როგორ გავცემდი ისე, თუ გამგეობა თანხას არ ჩამომირიცხავდა? ხელშეკრულება დაიდო ჩემსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, გავაფორმეთ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, _ ამბობს კახა კანდელაკი. აღნიშნული ხელშეკრულება მართლაც 2014 წლის 18 დეკემბერს არის დადებული.
როგორც კანდელაკი ამბობს, მართალია, ხელშეკრულება გაფორმდა და ბლოკი და ცემენტი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით დურმიშხან სოსელიას ეკუთვნოდა, თუმცა, მაღაზიიდან წაიღო ზურაბ ტუღუშმა, როგორც ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა:
_ ორივე იყო აქ და მახსოვს, რომ სოსელიამ მეზობლურად, სესხის სახით მისცა. ასეთი საუბარი იყო მათ შორის. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, _ გვითხრა მაშინ კანდელაკმა.
“გურია ნიუსმა” მაშინ სოფლის დეპუტატთან და ტუღუშის ოჯახთან შეთანხმებით, გაარკვია, რომ პრობლემა მოგვარდებოდა.
თუმცა, დურმიშხან სოსელია რედაქციას ხშირად სტუმრობს და კვლავ მისთვის განსაზღვრული დახმარების მოძებნას და გადაცემას ითხოვს, რომელიც ხუთი წლის წინ მიიღო და ხუთი წელია, ისევ დაეძებს.
_ თუ თქვენ არ მიმაყვანინეთ ეს საქმე ბოლომდე, ისევ გაპანღურებული დავრჩები. მე ისევ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ და მინდა, ორი თვალი სახლი მაინც მქონდეს. ჩემი ხელით ავაშენებ. ყველაფერი მეხერხება, _ გვეუბნება ის.
სოსელია ისევ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, პირუტყვთან ერთად.
დღეს უკვე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელში, გოგიტა ჯანხოთელი ამბობს, რომ სოსელიას პრობლემა მისთვის ცნობილია, შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევს, თუმცა ზოგი რამ არ იცოდა და მერე გაიგო:
_ მე არ ვიცოდი, თუ სოსელიას კუთვნილი ცემენტი და ბლოკი რაიონიდან წამოღებული იყო. მას რაც მისცეს, თუნუქის სახურავი, ერთ-ერთ ოჯახში შენახული აქვს. ნამდვილად წესიერი კაცია, ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა, ალკოჰოლიც უყვარს და ხშირად არაადეკვატურ რაღაცეებს ამბობს.
_ ჩვენ დავადგინეთ, რომ ის არ ტყუოდა და მისთვის განკუთვნილი საშენი მასალა სოფლის მაშინდელმა გამგებელმა წაიღო. რაიმე ღონისძიება თუ გაატარეთ?
_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ახლახან მომმართა მან, წამლები სჭირდებოდა. მივედი მუნიციპალიტეტის მერიაში, 150 ლარი ჩაურიცხა მერიამ წამლებისთვის და მიიღო კიდეც მედიკამენტები. რაც შეეხება აწ გარდაცვლილ ტუღუშსა და მას შორის შეთანხმებას, მე არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე და მისი ოჯახის წევრებთან მქონდა საუბარი. გვაქვს შეთანხმება, რომ მოვილაპარაკებთ და სოსელიას სასიკეთოდ გადაწყდება, მგონია. გარდა ამისა, მე მუდამ მზად ვარ, სოსელიას დავეხმარო. მარტოხელაა, მოხუცია, კეთილი და მეზობლებისთვის მაქსიმალურად დამხმარე.
_ არის თუ არა აღმაშფოთებელი ადამიანის უფლების ასე დარღვევა, რომ ის ხუთი წელია, დაკარგულ სიმართლეს და საშენ მასალას ეძებდეს? ვინმეს აქვს უფლება კუთვნილი წაართვას?!
_ გეთანხმებით და ამ საკითხს უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ. ასევე, ვუშუამდგომლებ მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომ დახმარება გაეწიოს. დამერწმუნეთ, სოსელიას მარტოხელობისთვის არავინ ჩაგრავს. გაუგებრობაც იყო, რადგან თვითონ ხან ამბობდა, რომ წამოიღო მაღაზიიდან კუთვნილი ტვირთი, ხან ამბობდა, რომ არაფერი წამოუღია და მაღაზიის გამგე მხოლოდ შეპირდა ბლოკსა და ცემენტს.
_ “გურია ნიუსმა” გაარკვია, ეს როგორც იყო და ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს დროში გაირკვეს ეს საკითხი და სოსელიას სასარგებლოდ გადაწყდეს.
_ ასეც იქნება, _ გვითხრა ჯანხოთელმა.