შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. მოშიმშილეებს მოქალაქეების ჯგუფმა კარავი დაუშალეს, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მათი განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან.
„ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვართ წყალწმინდის, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ“, – განაცხადა პაატა ჩხარტიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლებამ გამოგზავნა და მისი სცენარით მოქმედებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მინდია ადაძემ განაცხადა, კარვებს ააწყობენ და შიმშილობას გააგრძელებენ. მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„გავაგრძელებთ შიმშილობას. ორი ვიქნებით, თუ მეტი, მოვიდნენ მაგარი ბიჭები და ისევ დაგვარბიონ. მართალია, აქ გაკრული ბანერები წაიღეს, მაგრამ ახალს გავაკრავთ. ერთ კარავს დაგვიშლიან? ათს გავშლით. არ ვიცი, მეტი რა ვქნათ. პოლიცია სულ აქ არის, ვფიქრობდით, რომ ჩვენ გვიცავდა, მაგრამ დღეს ისინი ჩვენს დარბევასა და მოვარდნილ პირებთან დაპირისპირებაში დიდად არ ჩარეულან. 50-მდე ადამიანი სპეციალურად მიკროავტობუსით მოიყვანეს. მოვითხოვთ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყოს“, – განაცხადა მინდია ადაძემ.
შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-16 დღეა, შს მინისტრის გიორგი გახარიას მოთხოვნით შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.
წყარო: 1 ტვ