ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევა.
„საუბარია 220-ე მუხლზე – კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოების საზიანოდ მოქმედება, რასაც თავისთვის და სხვისთვის უპიარტესობა და გამორჩენა მოჰყვა. ეს გახლავთ 182-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებას და გაფლანგვას. ეს გახლავთ 205-ე პრიმ მუხლი, რომელიც გულისხმობს სპეციალური უფლებამოსილების იმგვარად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა გარკვეული ქონების გადამალვა“ – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ყავლაშვილმა.
ადვოკატმა მაგალითად მოიყვანა „რუსთავი 2“-ის ურთიერთობა კომპანია „ინტერმედიასთან.“ ყავლაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და პირიქით, საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლის ინტეგრირება რეკლამიდან, ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა „ინტერმედიას“ კონტრაქტი გაუფორმა ფიქსირებულ შემოსავალზე, რაც „რუსთავი 2“-ისთვის საზიანო ქმედებაა.
„ეს იმ პერიოდში გააკეთა, როცა „ინტერმედიასგან“ მეტი შემოსავლები შემოდიოდა და ასეთ პერიოდში კონტრაქტი გაფორმდა კიდევ უფრო დაბალ თანხაზე. პირობითად რომ ვთქვათ, თუკი 2004 წელში შემოსავალი იყო 45-46 მილიონის ფარგლებში, 2015 წელში გაფორმდა ხელშეკრულება 32 მილიონზე, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. თანაც, სინამდვილეში ამავე პერიოდში კომპანიის საოპერაციო ხარჯები იქნა გაზრდილი. გაუგებარია, რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება, რატომ იქნა ფიქსირებულ შემოსავალზე გაფორმებული მაშინ, როცა მანამდე ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა კომპანიაში შემოსავლების მიღება და გამჭვირვალე იყო. ანუ, ჩანდა სარეკლამო შემოსავლიდან რას იღებდა „ინტერმედია“ და საკომისიო რა რჩებოდა. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ამის შესაძლებლობა მოისპო, ვინაიდან „ინტერმედიას“ შემოსავლები პრაქტიკულად, დამალულია ამ ხელშეკრულებით“, – განაცხადა ადვოკატმა ყავლაშვილმა.
მისი ინფორმაციით, 2014 წლიდან უშედეგოდ ითხოდნენ ფინანსური დოკუმენტების გადაცემას და ცოტა ხნის წინ მიიღეს მხოლოდ ნაწილი, რომლის შესწავლის საფუძველზე ნათელი გახდა, რომ ძირითადი შემოსავლების აკუმულირება ხდება სხვა კომპანიებში.
წყარო: “რადიო თავისუფლება”