26 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის” მიერ, მდინარე ნატანებზე ჰიდროელექტროსადგურის “ნატანები 3”-ის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა შემდგარიყო.
დილიდანვე სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სტუმრების მოლოდინში მოქალაქეები ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, თუმცა, ყველას მღელვარება ეტყობოდა.
_ ჩვენი ცხოვრებით და შემეცნებით აქაურები ვართ, ამ მიწის ბატონ-პატრონები, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცით. პირველ რიგში, ვიტყვით, რომ ჩვენ გაგვაჩნია ცივილური მოსმენის კულტურა, თუმცა, წყობიდან ნურავინ გამოგვიყვანს. რას გვპირდება ეს ინვესტორი?! აქ არის ღელეები, ასე ეძახიან, თორემ ის ჩვენი წყაროს წყლებია, რომელიც მერე ჩაიკეტება. სოფელს ისეც არ ჰყოფნის წყალი. ის თუ წაგვართვეს და მილში მოაქციეს, ჩვენ აქ რა გვინდა? გზას რა მოუვა? ჩვენი ფლორა და ფაუნა იქ არის, საძოვრები და სავარგულებიც იქვეა, ფუტკარი, დათვი, შველი, ტურა, მგელი… ეგ ხეობა ჩვენი სოფლის სახეა. თუ ვინმე კარგ საქმეს გააკეთებს და როგორც საჭიროა, ისე დაასაქმებს ხალხს, კარგია, მაგრამ რაღაც არ გვგონია, ასე იყოს, _ გვითხრა შეხვედრის დაწყებამდე სოფლის მკვიდრმა რომან გოლიაძემ.
მალე კომპანიის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. შეხვედრაზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც, ყველას გასაკვირად, აქციაში ჩართულმა პატარა ბავშვებმა ჰკითხეს, თქვენ ვის მხარეს ხართ, ბატონო მერო?
_ თქვენს მხარეს ვარ მე, _ უპასუხა შარაშენიძემ.
ვაკიჯვარელებმა პროექტის მენეჯერს, გიორგი მარგებაძეს დასაწყისშივე შეაწყვეტინეს სიტყვა (მარგებაძეს ანალოგიური პროტესტი ამ გაზაფხულზე სოფელ შემოქმედის მცხოვრებლებმაც მოუწყვეს და არც იქ დაანებეს ბჟუჟზე ასაშენებელი ჰესის პროექტის განხილვა. ავტ.)
_ ჯერ მომისმინეთ, რას გეუბნებით. ხომ უნდა იცოდეთ, რას გთავაზობთ? ჩვენ აქ იმიტომ არ მოვსულვართ, რომ თითის წვერებზე ვიაროთ! არ გატყუებთ, ვართ ბოლომდე გახსნილები. გავიაროთ ერთად სკოპინგის ანგარიში, გეტყვით, რაა სკოპინგი (სკოპინგი _ პროცედურა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ინფორმაციის ტიპი. ავტ), _ გიორგი მარგებაძემ “გაანათლა” ვაკიჯვრელები (როგორც თავად წაიჩურჩულეს), _ მოგისმენთ, ვინ რას იტყვით, ჩავიწერთ გვარს და სახელს, ვის რა და როგორ სურს, მივიღებთ თქვენს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეგროვდეს და შესწავლილი იქნას. მერე გავიაროთ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში… გვაქვს სოციალური პაკეტები _ბუნებრივი გაზი გინდათ? მზად ვართ, ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დავაყენოთ თქვენი მოთხოვნები და სანამ გაზი არ შემოვა, ჩვენ ჰესის მშენებლობას არ დავიწყებთ, _ სწრაფად და მრავლად ჩამოარიგა დაპირებები მარგებაძემ.
_ სათითაოდ ჩაიწერთ, ვინ რას იტყვის? სკოპინგი ყოფილა ეს. დაგვაკვირდებით მერე, ხომ? ხელმოწერა რომ მოგართვათ ყველამ ერთად? ერთსულოვნად? ასე არ გინდათ და სკოპინგი გინდათ მაინცდამაინც? _ გაისმა დარბაზიდან.
მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ კითხვები დასვა:
_ დღეს გამოთქმულ შენიშვნებს, ვინ გაითვალისწინებს, როცა, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვადა სწორედ ამ პრეზენტაციის დღეს, 26 ივლისს იწურება, _ იკითხა გორდელაძემ.
_ გარდა ამისა, მითხარით, როცა ინვესტორსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმებულია და ამის შემდეგ იწყებს გარემოს დაცვის სამინისტრო დაკვირვებას, ეს, ასე ვთქვათ, პროექტის “გაპრავება” არ არის? _ იკითხა მან.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა გურამ ყაფლანიშვილმა პასუხად თქვა, რომ არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მემორანდუმი გაფორმებულა, თუმცა, შემდეგ არაფერი გაკეთებულა:
_ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გაცემულია მშენებლობის დაწყების ნებართვა. ამ მემორანდუმში რომ მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები უნდა იქნას გათვალისწინებული, ჩვენც ამიტომ ვართ აქ. მე ვარ მხოლოდ შუამავალი სამინისტროდან, რომ ეს ყველაფერი გითხრათ, _ თქვა ყაფლანიშვილმა.
_ შუამავალი თუ ხარ, მიბრუნდი ახლა, წადი და ჩაუტანე სამინისტროში ამბავი, რომ არ აგაშენებინებთ აქ ჰესს! _ სასწრაფოდ უპასუხეს მას დარბაზიდან.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანესოვამ დასვა კითხვა, თუ რატომ არ იყო ათი დღით ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია სამინისტროს და შემდეგ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც 24 ივლისს აიტვირთა და შესაბამისად, საჯარო განხილვა არ მომხდარა. თუმცა, ყაფლანიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული და მუნიციპალიტეტის მერიამ ეს აცნობა ვაკიჯვრის მოსახლეობას.
გიორგი მარგებაძემ არა ერთხელ სცადა სიტუაციის შემობრუნება და აღელვებული ვაკიჯვრელების დათანხმება, თან მიუთითა, რომ ამ ტყეებში ხშირად დადის, ადგილობრივებზე მეტადაც კი:
_ ხუთჯერ ვიყავი იმ ტყეებში. თქვენ სულ არ დადიხართ, ზოგი ნამყოფიც არ არის იქ. ვიცი, რა ხდება _ გზა სულ არ არის. ვაპირებთ, გავაკეთოთ, რასაც მოგვთხოვთ. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. პირიქით, სოფლის საკეთილდღეოდ გაკეთდება ყველაფერი _ დასაქმდებით, თურქეთში ჩაის და კახეთში ატმის საკრეფად აღარ დაგჭირდებათ წასვლა. ვერ ვხვდები, რატომ არ გინდათ ვაკიჯვარში რომ დავხარჯოთ 15 მილიონი დოლარი და საქმე გაკეთდეს?! დიდი სარგებელი ექნება თქვენს სოფელს, თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, _ მიმართა მარგებაძემ ვაკიჯვრელებს.
_ რაო? ჩვენ არ დავდივართ ტყეში და შენ დადიხარ ჩვენს ხეობაში? ვინ მოგიპატიჟათ და რას დაეთრევით? როდის აქეთ ზრუნავთ ჩვენს კეთილდღეობაზე? ჩვენი კეთილდღეობაა წყალი, უპირველეს ყოვლისა და “ტრუბაში” თავი ჩაყავით თქვენ, ნატანებისწყალს კი ვერ ჩაუშვებთ! ისიც იცოდეთ, არ დავდივართ ჩვენ თურქეთში ჩაის საკრეფად! გაგვიშვა ახლა კახეთში ატამზე… “პრაფესორი”… ვის უნახავს ვაკიჯვრელი კაცი კახეთში ატამს კრეფდეს? ჩვენ დავისაქმებთ საკუთარ თავს, ოღონდ თქვენ მოგვშორდით, _ რეპლიკებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ვასო სვანიძე, ნატალია თალაკვაძე, ბაჩანა ნიჟარაძე, ნანული გიორგაძე და სხვები.
გიორგი მარგებაძეს ვაკიჯვრელმა დავით მდინარაძემ კონკრეტული კითხვა დაუსვა:
_ რას გვიკეთებ? დენს გვიტოვებ?
_ ხომ იცით, რომ ასეთი რამ არ ხდება? მაგისთვის დამიჭერენ… გაზის შემოყვანაში დაგეხმარებით, _ უთხრა მარგებაძემ.
_ გაზს სახელმწიფო გვიკეთებს და თქვენ რას იბრალებთ? დენს არ მაძლევ ჩემი მდინარიდან და რომ გქონდეს, გაზს მომცემ? _ სასწრაფოდ უპასუხა მდინარაძემ.
დარბაზი არაერთხელ ახმაურდა, ბოლოს კი ადგილობრივები ყვირილით წამოიშალნენ:
_ “არაფერი გამოგივათ! ვაკიჯვარი საკურორტო სოფელია და არ აგაოხრებინებთ”, “არ გვინდა ჰესი”, “ტყე იჩეხება”… “მდინარე მილში ემწყვდევა”, “ხეობა დაშრება და გამოიფიტება”, “კლიმატი შეიცვლება”… “ტურიზმის ნიშნები გამოჩნდა და ისიც ჩაკვდება”… “სოფელს აღარ ექნება საკურორტო პერსპექტივა”… `”ბავშვებს ნუ წაართმევთ ვაკიჯვარს”… _ ამ და სხვა უამრავმა რეპლიკით ვაკიჯვრელებმა დარბაზი დატოვეს.
შეხვედრაზე თავისი მოსაზრება კვლავ გამოთქვა ირმა გორდელაძემ:
_ ეს ყველაფერი არ უნდა კეთდებოდეს ეკოლოგიური კატასტროფების ხარჯზე. ნახეთ, რა დღეშია კარიერების მოქმედების შედეგად ჩვენი მდინარეები. ვაკიჯვრელებო, თქვენი გადასაწყვეტია, ფოჩიანი კამფეტები და ჰესი გინდათ, თუ მდინარეებისა და მთლიანად სოფლის გადარჩენა, _ მიმართა მან ადგილობრივებს.
მარგებაძე გაღიზიანდა და გორდელაძეს კორუფციაში დასდო ბრალი: _ შენ ფულს გიხდიან და იმიტომ ყვირი, _ უთხრა გორდელაძეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, გორდელაძემ კი საკუთარი სოლიდური ხელფასის დათვლა ურჩია მარგებაძეს, რის “გასამყარებლადაც ვაკიჯვრის ტყეებში დარბის”.
ვაკიჯვრელებს ვერც საკონსულტაციო კომპანია “გამა კონსალტინგის” თანამშრომელმა ჯუგული ახვლედიანმა დაახევინა უკან:
_ ვერავინ იტყვის, რომ გარკვეული გავლენა არ იქნება, თუმცა, ეს იქნება უმნიშვნელო და დასაშვები, რაც ზიანს არ მოიტანს. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ, კომპანიას წაუყენოთ თქვენი მოთხოვნები, რომელიც აიღებს ვალდებულებას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, _ ურჩია მან ვაკიჯვრელებს, თუმცა, ამაოდ.
_ თუ არ გვინდა, მაინც მოხვალ? _ ჰკითხეს ბოლოს მარგებაძეს.
_ კვლავ იქნება შემოთავაზება პროექტის განსახილველად. ჩვენ შენება გვინდა, _ თქვა მან.
ასე ჩაიშალა პროექტის განხილვა ვაკიჯვარში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა დავით მამალაძემ, რომელიც ვაკიჯვრელებს უჭერდა მხარს, “გურია ნიუსთან” ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ქურდულ მენტალიტეტს კი არ ვემხრობი, მაგრამ ვიტყვი ერთს: 50-იან წლებში, როცა ქურდი ოჯახში შეიპარებოდა, იყო ასეთი ტენდენცია _ ჯერ მაცივარს გამოაღებდა და თუ ბლომად იყო ყველაფერი, მერე “საქმიანობდა”, გაჭირვებულისგან კი უკან ბრუნდებოდა… ეს მილიარდერი კომპანია კი შემოუვარდა შინ არაფრის მქონე ხალხს და თავისი მოგების გულისთვის ზღაპრებს უყვება _ თურმე, დაასაქმებს 75 კაცს ორ წელიწადში, თვეში 400 ლარად. დიდი შეღავათია. კიდევ კარგი, ხალხი გამოფხიზლდა, აზროვნებს და დადგება დღე, მიხედავენ საკუთარ თავს, _ თქვა მამალაძემ.