დაბა ბახმაროში, რომელიც ხელისუფლების მიერ წლებია, მედიით პიარდება, ბევრი პრობლემაა. იმ ფონზე, როცა მთავრობის პირველი პირები ტურიზმის განვითარებაზე, ბახმაროს პოტენციალზე, მის ოთხსეზონიან კურორტად გაკეთებაზე კამერებთან საუბრობენ, ბახმაროში არც გზაა, არც _ წყალი, არც _ კანალიზაცია და არც _ ნორმალური ხარისხის ელექტროენერგია.
ამ ყველაფერს ბინების გაზრდილი ფასები ემატება, რაც უკვე აისახა დამსვენებელთა რაოდენობაზე _ თუ გასულ წელს, ამ დროისთვის კურორტზე 8000-მდე დამსვენებელი იყო, დღეს მათი რიცხვი 5 000-ს არ ცდება.
ბახმაროში კეთილმოწყობილი კოტეჯის 20 დღით დაქირავება 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება. თუმცა, არის კოტეჯები, რომელიც გაცილებით ძვირად ფასობს და 4 000 დოლარადაც კი ქირავდება.
შედარებით მოუწესრიგებელი ოთახების ფასები, რომლებსაც საპირფარეშო ეზოში ან მეზობელთან საერთო აქვს, 400 ლარიდან იწყება და 1 500 ლარამდე ადის.
ამ თანხაში არ შედის ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც კეთილმოწყობილი კოტეჯების შემთხვევაში 200 ლარამდეა, ხოლო შედარებით მოუწესრიგებელ სახლებში _ 100 ლარამდე.
კურორტზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კეთილმოწყობილი სასტუმროა, რომელიც კონკურენციის არარსებობის გამო, სრული დატვირთვით მუშაობს და სადაც ფასები ცნობილი ბრენდის სასტუმროებზე ძვირია _ ერთი ოთახი, რომელშიც 4 საწოლი დგას, 130 დოლარი ღირს. ამ ფასში მხოლოდ დილის შვედური მაგიდა შედის.
ბახმაროში რამდენიმე საოჯახო სასტუმროცაა, სადაც ერთი საწოლის ფასი ერთი ღამით 50-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.
_ წარმოუდგენლად მაღალი ფასები და დაბალი სერვისია. ტელევიზიით იმდენჯერ ითქვა, რომ ბახმარო ვითარდებოდა, გვეგონა, რაღაც მაინც დაგვხვდებოდა შეცვლილი, თუმცა, იგივე სიტუაციაა. წყალი გრაფიკით მოდის, დენის სიმძლავრე ისეთი დაბალია, რომ ტელეფონის დამუხტვასაც ვერ ვახერხებთ, _ ამბობენ დამსვენებლები.
“ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, რომ დაბალი ძაბვის გამოსასწორებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს:
“ჯერჯერობით, ეს ქსელი არ არის ჩვენი კომპანიის ბალანსზე. იქ, ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო და სავარაუდოდ, მომავალ წელს გადმოგვეცემა ქსელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, გავუწიოთ დახმარება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ორ დღეში ძაბვა გვქონდეს მომატებული”, _ გვითხრეს კომპანიაში.
როგორც გავარკვიეთ, დიდი და პატარა დავითიანის, ვაკიჯვრის, ფიზკულტურის, სატყეოს და ინგოროყვას ქუჩების დამსვენებლებს ყველაზე მეტად უწყლობა აწუხებთ _ ამ ადგილებში, წყალი დღეგამოშვებით და მცირე ხნით მოდის, რაც მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
ავარიული ქუჩები თითქმის ყველა უბანშია. განსაკუთრებული პრობლემა კი ჩოხატაურის ქუჩაზეა, სადაც ვერც ერთი სახის ავტომობილი ვერ ადის:
_ ამ ხელისუფლებას რომ მოუსმინო, ბახმარო ვითარდება, კეთდება. არადა, პირიქით. პრობლემები, მოგვარების ნაცვლად, მატულობს. წელს, ჩოხატაურის ქუჩაზე გავლა შეუძლებელია. კურორტზე, სადაც ყოველ წელს ათასობით ადამიანი ისვენებს და რომელსაც მთავრობა სულ აპიარებს, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ, უამრავი პრობლემაა და ეს არავის ადარდებს. აქ არ არსებობს ბანკის ფილიალი, სწრაფი გადარიცხვის აპარატი, არ არის ბენზინგასამართი სადგური, ნორმალური საპირფარეშოც კი არ დგას. სამაგიეროდ, კატასტროფული სიძვირეა. ევროპის ნებისმიერ კურორტზე უფრო იაფი ჯდება დასვენება, ვიდრე ბახმაროში. ბაზარში, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელია, ყველაფერს ორმაგი ფასი აქვს, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას დამსვენებლები.
მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და კურორტის დაანონსებული განვითარება იმის საფუძველს აძლევდათ, რომ წელს ბახმაროში განსხვავებული სიტუაცია დახვდებოდათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალობა არ შეცვლილა:
_ 2012 წელს, საზეიმოდ გახსნილი კინოთეატრი წლებია, უფუნქციოდაა. პატრონი არ ჰყავს და იშლება. ეს ხომ კერძო პირის მიერ არ აშენებულა. ხალხის გადახდილი გადასახადებით ააშენეს. მერე რა, რომ სააკაშვილის დროს აშენდა. ხომ აშენდა? ბევრი სახის დატვირთვა შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, არავის ადარდებს, _ გვიყვებიან დამსვენებლები.
ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორი, დავით საჯაია არ უარყოფს, რომ კურორტზე ბევრი პრობლემაა:
_ გეთანხმებით, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ ვცდილობთ, მოგვარებას. როგორც იცით, გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ, პროექტი ახლა მზადდება და წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემა ერთდროულად, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოგვარდება. უკვე დაზუსტებულია, წყალი ორი მიმართულებიდან წამოვა _ ერთი ფაფარას მთიდან, სადაც წამში 24 ლიტრის დებეტია და მეორე შედრეკილის მთიდან, სადაც 2 ლიტრის დებეტი გვაქვს წამში. ეს მთლიანად უზრუნველყოფს ბახმაროს, _ გვითხრა საჯაიამ.
მისივე თქმით, დამსვენებლის პრეტენზია ბანკის ფილიალის არარსებობის გამო სამართლიანია, თუმცა, კერძო კომპანიას ისინი ვერაფერს დაავალდებულებენ:
_ ჩვენ ყველა ბანკს მივწერეთ წერილი. ერთადერთი, “ლიბერთი ბანკი” გამოგვეხმაურა, რომლის მობილური მანქანა კვირაში ორჯერ _ სამშაბათს და პარასკევს ამოდის, თუმცა, ვეთანხმები მოსახლეობას, რომ ეს საკმარისი არაა. ბენზინგასამართი სადგურის არარსებობაც პრობლემაა, მაგრამ ამაშიც ვერ ჩავერევით. რაც შეეხება კინოთეატრს _ წლების მანძილზე ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ, თუმცა, ჯერჯერობით, ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. არადა, კარგად იმუშავებდა. საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც რამდენიმე ტიპის გასართობი კუთხის მოწყობა შეიძლება, რაც განსაკუთრებით უამინდობის დროს იმუშავებდა და ჩვენც შემოსავალი გაგვეზრდებოდა, თუმცა, როგორც გითხარით, ამას ვერ ვახერხებთ. გვესმის დამსვენებლების პრეტენზიები, მაგრამ შენობა ჩვენი არ არის და არამიზნობრივ ხარჯს ვერ გავწევთ მის გასაკეთებლად, _ ამბობს საჯაია “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნიკა ქამუშაძის თქმით, ყოფილი კინოთეატრის შენობა საპრივატიზაციო ობიექტებს შორისაა:
“მოგახსენებთ, რომ კურორტ ბახმაროს ტურისტული პოტენციალის ამაღლების და ორსეზონიან კურორტად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს საპრივატიზებო პაკეტების მოსამზადებლად და ინვესტორებისთვის წარსადგენად. ამ მიზნით, სააგენტომ უკვე მოახდინა ბახმაროში 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის, სასტუმროების, კომერციული ფართების და სპორტული მოედნების მშენებლობა.
კურორტზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებაზე და დღეის მდგომარეობით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. საპრივატიზებო ობიექტებს შორის, ასევე, არის 28.24.21.399 (ყოფილი კინოთეატრი) კოდით რეგისტრირებული 2 816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი”, _ გვითხრა ქამუშაძემ.
სანამ სააგენტო ინვესტორების მოძიებას განაგრძობს, მანამ, კურორტის დირექტორი უკვე მოგვარებულ პრობლემებზეც აკეთებს აქცენტს:
_ გასულ წელს, თქვენი დახმარებით მოგვარდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და წელსაც, კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა 24 საათის განმავლობაში დგას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა თქვენ და ავთანდილ თალაკვაძეს გადაგიხადოთ. სრული დატვირთვით და 24 საათის განმავლობაში მუშაობს კლინიკის _ “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” ფილიალი, _ ამბობს საჯაია.
პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე და დაგეგმილ პროექტებზე კომენტარი ჩოხატაურის მერმაც გააკეთა:
_ ბახმაროს ბაზრის ტერიტორია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რომელიც წელს გადმოგვეცა და მომავალი წლისთვის ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. რაც შეეხება გზებს, გეთანხმებით, რომ პრობლემებია, თუმცა, კურორტზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა მიმდინარეობს, ასევე, მომავალ წელს უნდა გაკეთდეს კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემა, რის გამოც, გზების ასფალტირებას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. ახლა, ვცდილობთ გზები ისე მოვასწერიგოთ, რომ გადაადგილების პრობლემა არ იყოს. ვიცი, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა ჩოხატაურის ქუჩაზეა. პირადადაც ვიყავი ასული. ამოსაჭრელია ერთი მონაკვეთი და მიმდინარეობს მოლაპარაკება გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ მათი ზედამხედველობით, მდინარე ბახვის წყლიდან ამოვიღოთ ინერტული მასალა და დროულად მოვაწესრიგოთ ჩოხატაურის ქუჩა, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
რამ განაპირობა დამსვენებლების სიმცირე კურორტზე, რომლის განვითარების ანონსით ხელისუფლებას მთავრობის სხდომებზე თავი მოაქვს, მერი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
_ ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი ამინდებია _ პრაქტიკულად, მთელი ივლისი წვიმები იყო და ბახმაროში ძალიან ციოდა. ასევე, ერთ-ერთ მიზეზად ბინების სიძვირე შეიძლება დავასახელოთ. გეთანხმებით იმაშიც, რომ ბახმაროს ცნობადობის გაზრდამ, ამ წუთში, გადააჭარბა კურორტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები მოკლე ვადაში აღმოიფხვრას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.