პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში მიმდინარე განხილვა, სიტყვით გამოსვლით დაიწყო. გიორგი გახარიამ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად, რაზეც მთავრობა იქნება ორიენტირებული, სიმართლე დაასახელა.
„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მე მაიძულა, ამ ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ალბათ, ქვეყნის განვითარებაზე საუბარი იქნება ზედმეტი. ეს არის სიმართლე.
მეგობრებო, ჩვენ ეს დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს მოქალაქეებზე, რიგით მოქალაქეებზე ელემენტარული ზემოქმედება, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე. ეს არის ის ძირითადი დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს. როდესაც ხდება სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ჩვენ უბრალოდ არ ვაძლევთ მოქალაქეს საშუალებას ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე როგორც არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ობიექტური რეალობაა.
ველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ სახარბიელო არ არის. ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ეს ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით. ეს ელემენტარულად ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ისეთი აღიარებული საყოველთაო საკითხები – საკვანძო საკითხები, რომლებიც ფასეულობების დონეზე, არც ერთი საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ეს საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად, ოკუპაცია. ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის. ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. საერთოდ, სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი.
ჩვენ ამ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. ეს სიმართლე ჩვენთვისაც არის გამოწვევა. სიმართლე პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის.
მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, არ გვეშინია იმიტომ, რომ ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები, გაათავისუფლა ისინი ძალადობისგან, მათ მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ., ეს უკვე საკმარისი არ არის და ჩვენ ეს ფასეულობები უნდა გავაფართოოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის ის ძირითადი საკვანძო მომენტი, რომელმაც ამ ქვეყანაში მართლწესრიგის შემდგომი გამყარება და მის ეფექტურ დაყენებას უნდა შეუწყოს ხელი.” _ განაცხადა გიორგი გახარიამ.