ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს.
ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.
როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე მიესალმა:
_ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით. გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _ ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ.
ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა:
_ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა, რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა.
_ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს.
საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები უსურვეს.