დღეს ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლების მორიგი ისტორიები უნდა წარმოგიდგინოთ. მკითხველს რამდენიმე ათეული წლის უკან დავაბრუნებ და ნაკლებად ცნობილ რამდენიმე შემთხვევას გავახსენებ.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრეველი ადრეული ბავშვობიდანვე ფანატიკურად იყო შეყვარებული ფეხბურთზე. დღენიადაგ ბურთს აგორებდა, სხვა არაფრის გაგონება არ სურდა და იმთავითვე ეტყობოდა, რომ დიდი საფეხბურთო მომავალი ელოდა. სამაგიეროდ, სრულიად საპირისპირო აზრის იყვნენ პატარა სლავკას მშობლები და უნდოდათ, მათი პირმშო მაღალი კლასის ზეინკალი გამოსულიყო.
– წყლის ნაყვაა ეს შენი ფეხბურთი. ზეინკლობა ისწავლე, რომ მომავალი ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო, – ეტყოდა ხოლმე სლავკას მამა. დედა კი მხარს აუბამდა მეუღლეს და დასძენდა:
– სლავკა, მომაშორე ეგ შენი საზიზღარი ბურთი, თორემ ერთხელაც დავავლებ მაგ გაბერილ ეშმაკს ხელს, ნაკუწებად ვაქცევ და ტოლ-ბიჭებში თავს მოგჭრიო.
მეტრეველები სოჭში ცხოვრობდნენ. ქართველების დასახლება პლასტუნკაში. მაშინ ბურთის დეფიციტი იყო, თანაც ძალიან ძვირი ღირდა. სლავკამ და მისმა მეგობრებმა ფული შეაგროვეს, ერთი გადამყიდველისგან ნამდვილი „პიპკიანი“ ბურთი შეიძინეს და დილიდან დაღამებამდე თამაშობდნენ. ძვირფასი ნივთი სლავკას ჰქონდა მიბარებული, როგორც უბნის პირველ ფეხბურთელს და ისიც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, ერთ დღეს, როცა სლავკამ ბურთი მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ დედამისს საიმედოდ გადაემალა. ის დღე პლასტუნკელებმა უფეხბურთოდ გაატარეს. მეორე დილით მორიგეობიდან დაბრუნებულმა დედამ სლავკას ბურთი მისცა და უთხრა:
– მხოლოდ შაბათ-კვირას ითამაშებ, დანარჩენ დღეებში კი კვლავ დაგიმალავო.
მიუხედავად მუქარისა, სამსახურიდან დაბრუნებული დედა სლავკას კვლავ მობურთალს ხედავდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა მისი ვაჟი ბურთის პოვნას.
მთელი საიდუმლოება კი ის გახლდათ, რომ საზრიანი სლავკა, როცა დედას ბურთს უბრუნებდა დასამალად, მასში ქონის ნაჭერს დებდა. დედა რომ წავიდოდა, სლავკა თავის მაძებარ ძაღლს – ბობიკს აუშვებდა, სახლში შეიყვანდა და ის სულ ადვილად პოულობდა ბურთიან ქონს…
მოგვიანებით, უკვე მსოფლიო ვარსკვლავი სლავა მეტრეველი განსაკუთრებულად აღნიშნავდა ბობიკის როლს მის კარიერაში.
საბჭოთა კავშირ-არგენტინის მატჩის შემდეგ, რომელიც ბუენოს-აირესში ჩატარდა, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ მიშა მასხს სასტუმროს ნომერში ეწვია, წინ ჩეკის წიგნაკი დაუდო და უთხრა:
– სენიორ მესხი, ფრანკო მადრიდის „რეალში“ გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთო.
ლეგენდარულმა მესხმა რეალის პრეზიდენტს ფრანკოსთან დელიკატური უარი შეუთვალა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ კი ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ გაემართა, თან მიშას მიაძახა:
– ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმროს, მაგ წითელ ფეხბურთელს უთხარი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავი ხარ, მაგრამ ხვალ შეიძლება, შიმშილით ამოგხდეს სულიო.
მიშამ ბერნაბეუ გააჩერა. კარადიდან თერთმეტნომრიანი, საბჭოთა ნაკრების წითელი მაისური გამოიღო, „რეალის“ პრეზიდენტს შეაჩეჩა და უთხრა:
– ეს წითელი მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით – დღეს დიქტატორი ხარ, ხარ, ხვალ კი შეიძლება, დაგამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდე, მესხის მაისური გაყიდეო..
თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ცეესკას“ საფეხბურთო მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. შეხვედრა ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო.
სახელოვანი, დაუმარცხებელი „ცეესკა“, რომელშიც ბელადის ვაჟს, ვასილ სტალინს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ვარსკვლავები ჰყავდა შეკრებილი, განსაკუთრებით ქართველ ვირტუოზებს უფრთხოდა. ტექნიკურ ქართველებს არმიელები უხეშად ეთამაშებოდნენ, მწყობრიდან გამოჰყავდათ ქართველი ვარსკვლავები და ამის წყალობით, გვიგებდნენ.
ერთ-ერთი მორიგი მატჩის დროს, ჯერ პაიჭაძე დაგვიმტვრიეს მალულად, შემდეგ ბერძენიშვილი. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა. არც ჩვენების აპელირება მიიღო და ხელ-ფეხგახსნილი არმიელები შეტევაზე გადმოვიდნენ და რომ იტყვიან, დაგვასხდნენ. ერთ-ერთი შეტევის დროს გრიგორ ფედოტოვს ჩინებული პასი გაუჭრეს და მეკარის პირისპირ დატოვეს. გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ მსაჯის სასტვენი გაისმა და ფედოტოვი გაჩერდა, რადგან თამაშგარე ეგონა. დინამოელთა კაპიტანმა შოთა შავგულიძემ კი, ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. სინამდვილეში, სწორედ ფედოტოვის უკან მდგომმა შავგულიძემ „მიუსტვინა“ მსაჯივით რუს ფორვარდს და გააჩერა. მსაჯმა კი ვერაფერი გაიგო, რადგან გოლის მოლოდინში ფეხზე წამომდგარი მაყურებელი გუგუნებდა და არაფერი ისმოდა. იგივე განმეორდა მეორედაც. ფედოტოვმა კვლავ „ჭამა“, მაგრამ ამჯერად თავი ვერ შეიკავა, შევგულიძეს მივარდა და კოჭში ფეხი უთავაზა…
მსაჯს ეს ეპიზოდი არ გამოჰპარვია და რუსი ბომბარდირი გააძევა. ლიდერის დაკარგვამ არმიელები საბოლოოდ მოშალა. დინამოელებს კი ფრთები შეესხათ და მრისხანე მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს მისივე მოედანზე.
ცნობილი ქართველი საბჭოთა წყალბურთელი პეტრე მშვენიერიძე 198 სანტიმეტრის, ჯანღონიანი მამაკაცი იყო და ნამდვილ ზღაპრულ დევკაცს ჩამოჰგავდა. ის თავისი სპორტული ოსტატობითა და ძალითაც ყველასგან განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, შეეძლო წყლიდან მასზე ტომრებივით ჩამოკიდებული ორი წყალბურთელი ამოეყვანა…
1956 წლის 6 დეკემბერს მელბურნის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირი უნგრეთის ნაკრებს ხვდებოდა. ეს მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ კი მას „სისხლიანი“ უწოდეს. საქმე კი ის იყო, რომ ორიოდე თვით ადრე საბჭოთა ჯარმა უნგრული აჯანყება სისხლში ჩაახშო, რასაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა…
თამაშის დროს ატყდა ჩხუბი და წყალბურთელები წყალშივე დაესივნენ ერთმანეთს, ხელები დამუშტეს და სახეები დაუხეთქეს. ქართველმა საბჭოთა გოლიათმა ითმინა, ითმინა და ბოლოს საკუთარი მუშტებიც აამუშავა, რასაც უნგრელების სისხლით შეღებილი აუზი მოწმობდა.
რომ დაინახეს, საბჭოთა გოლიათს ვერ ერევიანო, ძირითადი მოთამაშეების დასახმარებლად წყალში სათადარიგოებიც ჩახტნენ და პეტრეს დაესივნენ. თუმცა, წყალში პეტრე ისე გრძნობდა თავს, როგორც ხმელეთზე და ჯერ უნგრელი მოთამაშეები „მოახრჩო“, მათ წყალში გადაშვებული უნგრელი და ავსტრალიელი ფანებიც მიაყოლა და ბოლოს პოლიციის ქვედანაყოფიც კარგად სცემა. ხოლო აუზიდან რომ ამოვიდა, მას ისე უფრთხოდნენ, როგორც ურჩხულს. ადგილობრივმა გაზეთებმა კი დაწერეს: წითელმა საბჭოთა დევმა მელბურნის ოლიმპიური აუზი გააწითლაო.