2019 წლის სექტემბრიდან სკოლიდან წასულ პენსიონერ მასწავლებლებს, გუშინ საკუთარ ანგარიშზე სრულად დაერიცხათ ორი წლის ხელფასი, რომელიც მათ მთავრობამ ჯილდოს სახით შეპირდა.
_ არ მეგონა, თუ ყველა ერთად დაგვერიცხებოდა. ვფიქრობდი, ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად მოვცემდნენ, რადგან თავიდან ასეთი საუბარიც იყო. მე სკოლაში 43 წელი ვიმუშავე. უკვე ისეც ვაპირებდი სკოლის დატოვებას, თუმცა, ეს ძალიან მიმძიმდა. უდიდეს მადლობას ვიხდით, რომ ასე გაგვახარეს. ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, ამ ასაკში ჩვენი გახარება ასეთი ჟესტით, მართლაც ადამიანური და სახელმწიფოებრივი ნაბიჯია, _ გვითხრა სკოლიდან წასულმა მასწავლებელმა ზაურ რუსიეშვილმა.
ჭანიეთის საჯარო სკოლა ხუთმა პედაგოგმა დატოვა. 3 ოქტომბერს ხუთივეს სრულად დაერიცხა შეპირებული ფულადი ჯილდო, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მალვინა ნინიძემ.