პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დეპუტატების კითხვებს ამჟამად კანდიდატი მაია ვაჩაძე პასუხობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კითხვაზე, როგორი მმართველობითი ფორმა იყო საქართველოში 2003-2012 წლებში, ვაჩაძემ განაცხადა, რომ ის სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, თუმცა იყო ავტორიტარული თუ დემოკრატიული, მოსამართლეობის კანდიდატმა არ დააზუსტა.
„დავიწყებ 1999 წლიდან და ვიტყვი, რომ ხელისუფლების გამოწვევა სასამართლოში იყო კორუფცია. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელსაც უნდოდა ძალიან სწრაფად ყველაფრის შეცვლა, ამ მიზნისთვის იგი უფლებათა დაცვის სფეროში გარკვეულ საშუალებებს ყურადღებას არ აქცევდა. ამას ხელს უწყობდა მმართველობის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. ყველა ამ გამოწვევამ მოიტანა შედეგი, რომელიც სახეზეა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც დღეს უზენაესი სასამართლო იღებს. ის დღეს იხილავს ასობით საქმეს, რომელიც სახელმწიფოს მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხებს ეხება“, – განაცხადა ვაჩაძემ.
მაია ვაჩაძე მეექვსე მოსამართლეა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. ის არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 20 ივლისს ამოეწურა, თუმცა მიმდინარე საქმეების დასრულებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვადა გაუგრძელა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეების განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს.