მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ ეპარქიაში რჩება. ბოდბელი ეპისკოპოსი სკანდალური განცხადებების შემდეგ პირველად დღეს საპატრიარქოში გამოჩნდა. დაახლოებით ერსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ გადადგა.
გარდა ამისა, მეუფე იაკობმა საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს პოსტიც დატოვა.
“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა
შესაბამისი ბრძანება, რომელსაც ხელს საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი აწერს, ოფიციალურად უკვე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა “ქართული ოცნების” მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს მძიმე ბრალდები წაუყენა.
მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა. მისი მტკიცებით, შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას სთავაზობდნენ. ეპისკოპოსის თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.