6 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 20 საკითხი გამოიტანეს განსახილველად. თუმცა, იქვე, დამატებით შემოვიდა საკითხი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წელს გასახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე, რომელიც რეგიონული ფონდიდან უნდა მოხდეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, გელა აროშიძემ თავიდანვე მოითხოვა სხდომის შუალედში ერთსაათიანი შესვენება, თან საყვედურიც გამოთქვა, რომ ასე დაგვიანებით შემოსულ საკითხს, რომელსაც არ იცნობდნენ, უცებ ვერ განიხილავდნენ.
გადაწყვეტილება შესვენების შესახებ ერთხმად მიიღეს.
დღის წესრიგის საკითხებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო საკითხი რეორგანიზაციის შესახებ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის შექმნას უკავშირდება.
_ არ მოხდება შტატების და თანამდებობის ან თანამდებობის სარგოს ცვლილება. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია ამ პროექტებთან დაკავშირებით, არის საკრებულოს მიერ არაერთხელ შეტანილი ცვლილება ზედამხედველობის განყოფილების დებულებაში, რადგან სისტემატურად ხდება საკანონმდებლო აქტების მიღება, ემატება ფუნქციები. მერია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეფექტური სისტემის შემოღების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნას ცალკე სტრუქტურული ერთეული, ზედამხედველობის სამსახური, რომელიც წარმოდგენილი იქნება სამსახურის უფროსით, ორი განყოფილებით, ასევე, სპეციალისტებით, სულ ერთად იქნება 11 შტატი, _ თქვა თავის მოხსენებაში იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ.
მან, ასევე, განმარტა, რომ არსებულის ხარჯზე, მიიღეს გადაწყვეტილება, სოციალური სამსახური გაერთიანდეს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურთან.
საკრებულოს წევრებმა საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე საკითხის გატანას წინააღმდეგობის გარეშე უყარეს კენჭი. კერძო საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ სოციალური სამსახურის სხვა სამსახურთან შეერთება საქმის გართულებას გამოიწვევს.
დღის წესრიგის საკითხების უმეტესობა მერიის სამსახურების დებულებების საკითხების საჯარო ადმინისტრაციულ დაწყებას შეეხებოდა, რაც “ერთი ამოსუნთქვით” გაიარეს.
შესვენების შემდეგ, დამატებით შემოსული საკითხის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წელს გასახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება, ისაუბრა და შენიშვნები და რჩევები გამოთქვა საკრებულოს დეპუტატმა და კომისიის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ:
_ 2020 წლისთვის უნდა მოხდეს გზები რეაბილიტაცია ჯუმათის, შრომის, შემოქმედის, მერიის, ასკანის და მთისპირის ერთეულებში, რომლის გრძივი მანძილი 23 070 კილომეტრია; ასევე, ქალაქ ოზურგეთს დაზიანებული ქუჩების ნაწილი რეაბილიტაციას ექვემდებარება _ ესაა 6 400 მეტრი გრძივი გზა, და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში _ 5 000 მეტრი. მე კლასიფიკაციას ვახდენ და უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაზიანება სხვაა და რეაბილიტაცია _ სხვა. მთლიანად ამ სამუშაოების ხარჯი განსაზღვრულია 13 მილიონ 238 ათასი ლარით. ეს არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც აქვს სერიოზული დატვირთვა და ეფექტს მოახდენს მოსახლეობაზე, _ თქვა ბიგვავამ და დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ ამ პროექტისთვის.
გამოსვლის დასასრულს მან ყურადღებით მოსმენა განსაკუთრებით მერიის წარმომადგენლებისგან ითხოვა:
_ საქმე ეხება დამოკიდებულებას საკრებულოს წევრებსა და მერიის თანამშრომლებს შორის. ძალიან შემაშფოთებელია, რომ მერიის თანამშრომელი ცინიკურად მოიხსენიებს საკრებულოს წევრის საქმიანობას. მე გახლდით დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიწვევით და იქ შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მერიის თანამშრომელმა იქ განაცხადა, იაროს ლავრენტი ბიგვავამ იმ ქალბატონებთან ერთად და რომელი გზა გაკეთდება, ჩვენ კი ვიცითო! ეს არის ამაზრზენი, ცინიკური და ტუტუცური დამოკიდებულება. მეტსაც ვიტყვი, მაგრამ ვერიდები აქ მყოფთ. მოვიდეს ის დეპუტატი, ოსიკო მაინც იმ გზას გამიკეთებს, რომელიც მე მინდაო. ვინ არის მერის წარმომადგენელი ან მისი თანაშემწე, რომ საკრებულოს წევრებზე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე ასე ცინიკურად ისაუბროს? _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ, რაზეც მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე შეეწინააღმდეგა _ რეალური რაც არის, ის მითხარით. ვინ რა გითხრათ, ან სად იჭორავეს, არ ვიცი, ოფიციალურად ეს არავის უთქვამსო.
_ ახლა ექსკლუზივი ჩემია და მადროვე! “ვინა ხარ” როგორ უნდა მიწოდოს ვიღაცამ? რომელი გზა გაკეთდება, ჩვენ ვიცითო, სდიოს მაგ ქალბატონებსო (საუბარია სოფელ დვაბზუს და გაღმა დვაბზუს წევრებზე ოზურგეთის საკრებულოში, დედა-შვილ როზეტა სკამკოჩაიშვილსა და მარი ჩხიკვიშვილზე, ავტ.) არ შეიძლება საკრებულოს რომელიმე წევრზე და წარმომადგენელზე ამას ამბობდეს მერიის თანამშრომელი. ეს ამბავი მიიტანეთ მერთან, ბატონო ოსიკო, თორემ მომავალი ბიუჯეტის განხილვის დროს ეს აისახება აქ, რომელი გაკეთდეს და რომელი _ არა. მერიას აქვს ექსკლუზიური უფლება, გააკეთოს, მაგრამ ვიღაც ვასოს _ არა, _ მიმართა ლავრენტი ბიგვავამ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ოსიკო თოთიბაძეს.
როგორც გაირკვა, საუბარი იყო სოფელ დვაბზუში, 800 მ სიგრძის მონაკვეთის გზის გაკეთებაზე, რასაც, ბიგვავას თქმით, მერიის თანამშრომელი (წარმომადგენლის თანაშემწე დვაბზუში) ვასო ღლონტი აფერხებს და ცინიკურად მოიხსენიებს საკრებულოს წევრებს.
თავის მხრივ, ოსიკო თოთიბაძეც აღელდა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ თქმულა:
_ ვიღაცა სად და რას ჭორაობს, იმათ ვდიო? _ იკითხა მან.
_ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები სვამენ კითხვებს და პასუხი უნდა გაეცეს, _ დააზუსტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
სოფელ დვაბზუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, როზეტა სკამკოჩაიშვილმა განაცხადა, რომ რაც ოზურგეთის საკრებულო მუშაობას შეუდგა, მას შემდეგ ითხოვს დვაბზუს მოსახლეობა ამ გზის გაკეთებას:
_ ეს არის 800 მ სიგრძის გზა, რომლის სიახლოვეს 19 კომლი ცხოვრობს. იგი ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს სოფლის ცენტრს, მერე ვაკიჯვარსა და ცხემლისხიდს, რომლის საშუალებითაც ხდება მოკლე მონაკვეთით ერთმანეთთან დაკავშირება. 20 წელია, ამ გზას ითხოვს ხალხი. არც ერთი პრიორიტეტი არაა გათვალისწინებული, _ თქვა მან.
_ დვაბზუში ორი წელი რომ იმხელა ხიდის მშენებლობა გაჩერებული იყო, თქვით რაიმე? ამოიღეთ ხმა? ყველაფერი კეთდება, გაკეთდება ეს მონაკვეთიც, ვინ რა ილაპარაკა სადღაც, მე არ ვიცი, სადმე ოფიციალურად თქვა ან დაწერა ვინმემ? _ თავის მხრივ თოთიბაძეც სვამდა კითხვებს.
როგორც საბოლოოდ დავაზუსტეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოადგილე სოფელ დვაბზუში, ვასო ღლონტი მერის არჩევნების პერიოდის ცნობილი დაპირისპირებისას, შარაშენიძის მომხრე იყო. ასეთი დაპირისპირებები ზოგ სოფელში, მეტ-ნაკლები სიმწვავით დღესაც გრძელდება, მათ შორისაა სოფელი დვაბზუც და როგორც როზეტა სკამკოჩაიშვილი ამბობს, ხალხს გზის მცირე მონაკვეთს არ უკეთებენ სწორედ ამის გამო. თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები მონაჭორს უწოდებენ ამ ყველაფერს და დაინტერესებულ პირებს იმ პროექტების ხილვას ურჩევენ, რაც სოფელში გახორციელდა და ამბობენ, რომ აღნიშნული გზა 2020 წელს გაკეთდება.
დიდ ალბათობით, საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვისას, როგორც ლავრენტი ბიგვავამ მიანიშნა, ისევ განიხილება საკრებულოს შესაბამის სხდომაზე.
მოგვიანებით “გურია ნიუსი” თავად ვასო ღლონტს ესაუბრა. მას ვკითხეთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რაც მასზე ითქვა საკრებულოს სხდომაზე _ საუბრობს თუ არა მერიის სახელით და აბრკოლებს თუ არა აღნიშნული გზის მონაკვეთის დროულად რეაბილიტაციის პროცესს.
_ რა? თქვენ თუ იცით, რომ ეს გზა ჩემი სახლის წინ გადის? და მე არ მინდა, რომ ჭიშკართან გზა მქონდეს? მაგათ უჯერებთ? მაგენი თვითონ არიან თანამდებობისთვის შეუფერებელი, _ გვითხრა ვასო ღლონტმა.