“მოხვედით აქ იმისთვის, რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია,” – სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მმართველ გუნდს “ბიძინა ივანიშვილის გოშიებად” მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი.
“თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები. მე-9 მოწვევის პარლამენტი ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო, რადგან დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გოშიებით, რომლებიც დღეს მოვიდნენ რათა გაამართლონ ივანიშვილის მიერ მიტაცება დამატებით სახელმწიფო ქონების,” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი პარლამენტში მყოფი მმართველი გუნდის დეპუტატებს მიმართავს. მისი განცხადებით, მეუფე პეტრეს და ასევე მეუფე იაკობსაც შეხვედრები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან, რომლებიც საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას ცდილობდნენ.
“მოხვედით აქ იმისთვის, რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია, ვისზე საუბრობთ, მეუფე იაკობი, ისევე როგორც მეუფე პეტრე საუბრობენ ერთადერთ ადამიანზე, ვისთანაც მათ შეხვედრები ჰქონდათ, ბიძინა ივანიშვილზე და მის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარლამენტში მყოფ დეპუტატებს მიმართავს შეთავაზებით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პარლამენტში დაიბარონ მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე, ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.