ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს, _ ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ.
ინაშვილის თქმით, თუ სხდომაზე კანონპროექტიჩავარდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს.
“მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ. თუმცა რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ და გავაგრძელო ჩემი კოლეგების აზრი. ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს.
კითხვა მეორე – რომ ჩააგდებთ, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ამ შემთხვევაში, ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუნდი. ეს რას ნიშნავს, მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე, შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
და კითხვას ვსვამ მე – ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, რომ ის პროცესები რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოვაქციოთ? მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, მერე ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? და რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? ჩვენი ვალი რა არის, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია და თქვენ ახლა გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან, რაც თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, სხვათა შორის და იმას მაინც ეცით პატივი, ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა განსახილველად. ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი, თქვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ გამოიტანდით ამ კანონპროექტს და ახლა გეუბნებით, დაანებეთ თავი პოლიტიკურ მელაკუდობას, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ. მერე იფიქრეთ იმაზე, სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა უმრავლესობას.