“ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის, ვისაც საზღვარი, პირველ რიგში, საკუთარ თავში აქვს გავლებული და თვითონ აქეთ დგას და თავისუფლება _ იქით”, _ წერს ფეისბუქზე მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე.
“თვითონ, აქეთ, დგას ანდაზებით და ფრთიანი ფრაზებით – ,,დათვი, რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო” ,,რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ”.. იქით, თავისუფლებასთან, დგას პატიმარი ვაჟა გაფრინდაშვილი, ვიღაცის აზრით ,,არარაციონალური” (,,აბა, დათვის გაღიზიანება ხომ არ შეიძლება?”) პასუხებით მტრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ზუსტი და სამუდამო სიტყვებით. სიტყვებით, რომელიც მონობაში ყოფნას არ ცნობს, სიტყვებით, რომელიც ძნელი სათქმელია და მანამდე ფიქრში ვარჯიში ჭირდება. ხოლო მტერი სულ გაღიზიანებულია. ამიტომაც არის მტერი. თორემ ფეხი რომ დაადგა, შეიძლება საკუთარმა ძაღლმაც გიკბინოს. მტერს ფეხის დადგმა არ ჭირდება, თვითონაც იოლად გვადგამს ,,ბაბაიას” მოყვირლებს. დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ – საკუთარი თავი. თუ რამე შემიძლია, მზად ვარ და ვიქნები – მიმსახურეთ“, _ წერს გიორგი კეკელიძე.