ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის” გადაკვეთას არ აღიარებს, – ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი – 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს.
,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან – აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ”, – აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად გრძნობს.