„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის მიერ შემოთავაზებული გერმანული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს იყო ინიცირებული, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციამ მაშინ მხარი არ დაუჭირა, არსებული ვითარებიდან გამოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა.
უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული მოდელის მისაღებად საარჩევნო კოდექსში უნდა გახორციელდეს ცვლილება, რომელსაც 76 ხმა სჭირდება.
„შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია გერმანული საარჩევნო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული. ამ სისტემის მიხედვით საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის“, _ აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ამასთან, მისივე განმარტებით, არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა. ამავე მოდელით, საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3 პროცენტია.
„ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10 პროცენტი და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, ექვსი გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ ცხრა კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3 პროცენტიანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში“, _ ამბობს უსუფაშვილი.
“შენების მოძრაობის“ ლიდერს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოდელით ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც, ამ ცვლილებას საკონსტიტუციო ცვლილებისგან განსხვავებით, 113 ხმა არ სჭირდება – მისი მიღება პარლამენტს 76 ხმითაც შეუძლია.