9 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის – ,,ქალები ქართულ პრესაში’’ – პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის შემდგენელია ფილოლოგი და მკვლევარი – ანა ბაქანიძე, პროექტი ,,ქალთა ფონდის’’ მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა 1866-1909 წლების პერიოდული გამოცემები – ,,ივერია’’, ,,დროება’’, ,,ცნობის ფურცელი’’ და ,,ნიშადური’’. (წყაროები დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
წიგნში, კვლევის ფარგლებში შეკრებილი სტატიები, ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვიზუალურ მასალებთან ერთადაა წარმოდგენილი. სტატიები წლების მიხედვით დაჯგუფებულია ქვეთავებად, თითოეულ ქვეთავში კი პირობითადაა გაყოფილი საქართველოსა და მსოფლიოს ამბები.
მასალა მრავალფეროვანია: მცირე სტატიები, საინფორმაციო თუ სარეკლამო ხასიათის განცხადებები, თარგმანები, კრიტიკული თუ ანალიტიკური პუბლიკაციები, წერილები საქართველოს ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული ინფორმაცია და ა.შ. პუბლიკაციების ავტორები არიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. ხშირ შემთხვევაში მასალის ავტორები ინიციალებით ან ფსევდონიმებით არიან წარმოდგენილნი.
წიგნში თავმოყრილი მასალა არის მდიდარი რესურსი გენდერის მკვლევრებისთვის, რადგან სტატიებში კარგად ჩანს, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის ქალთა სახეები სხვადასხვა სფეროში, რა სტერეოტიპები უკავშირდებოდა ქალთა გენდერულ როლს იმ პერიოდის საქართველოში და მსოფლიოში, რა გენდერული, ქალთა და ფემინისტური საკითხები იკვეთებოდა ქართული პრესის ფურცლებზე, როგორ აისახებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში ქალთა მოძრაობის დასავლური გამოცდილება და იმ პერიოდის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ზოგადად, რა სახის მასალას მოიცავს ის პუბლიკაციები, რომლებიც დღეს უკვე არქივად ქცეულ ქართულ პრესაში – ,,ქალთა საკითხების’’ – ამ პირობითი სათაურის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ.
9 დეკემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წიგნს სხვადასხვა პროფესიის ქალები წარადგენენ და სტუმრებს მათ საქმიანობასთან თემატურად დაკავშირებულ მასალას გააცნობენ კრებულიდან. წიგნის წარმდგენთა შორისაა: თამთა მელაშვილი (მწერალი, გენდერის სპეციალისტი), იდა ბახტურიძე (აქტივისტი, გენდერის კვლევების მაგისტრი), ანა აბაშიძე (უფლებადამცველი), თინათინ ბრეგვაძე (ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) და ნათია ფურცელაძე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).
წიგნიდან რამდენიმე თავს “გურია ნიუსის“ მკითხველს ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.