მერიის წინადადებით ლანჩხუთის საკრებულომ დასტური მისცა მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას მოხსენებიდან გაირკვა, წლის ბოლომდე დარჩენილ დროში, რიგ სამსახურებში საბიუჯეტო მატება შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლის დაფინანსებას მოხმარდება.
მერიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით 17 ათასი ლარით იზრდება გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულის საქმეთა სამსახურის განათლების ხელშეწყობის პროგრამა -1000 ლარით, ხოლო სპორტული ღონისძიებების-800 ლარით. შპს „ლანჩხუთს“ 15 ათასი ლარით გაეზარდა დაფინანსება. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დასაფინანსებლად დამატებით 17 500 ლარის მობილიზება გახდა აუცილებელი.
გაიზარდა ასევე მერიის სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურის დაფინანსებაც. დამატებით მობილიზებული 47 ათასი ლარი სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება. აუცილებელი გახდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯის ზრდა 12 700 ლარით. რაც შეეხება მერიის არაფინანსური აქტივების ზრდას, აქ შვიდი ათასი ლარის ოდენობის მატება განხორციელდა.
21 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული ცენტრის დაფინანსება, რაც შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების დაფინანსებისთვისაა საჭირო. ა43 ათასი ლარით იზრდება კეთილმოწყობის სამსახურის დაფინანსება. აღნიშნული თანხიდან 26 ატასი ლარი შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების მუხლში მიიმართება, ხოლო 17 ატასი ლარი საახალწლო ღონისძიებების დასაფინანსებლად მიიმართება. შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასების დაფინანსებას მოხმარდება საფეხბურთო სკოლისთვის დამატებით გამოყოფილი 4560 ლარიც, სადაც ამავე საქმეს მოხმარდება დამტკიცებულ ასიგნების ფარგლებში შიდა მონაცვლეობის ხარჯზე გამოთავისუფლებული 2613 ლარი.