საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.
„მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _ ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.