სიონის ტაძარში ქართველ კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ვემშვიდობებით.
კინორეჟისორს, რომელმაც არაერთი წარმატება და სიხარული მოუტანა ქართველ მაყურებელს, განსაკუთრებული გულისტკივილით ემშვიდობება გურია. მისთვისაც ეს მხარე სითბოს, სიყვარულის და საუკეთესო მოგონებების სამყარო იყო. “ოსკარის“ ცერემონიალზე, გამარჯვების შემთხვევაში, ზაზა აპირებდა, რომ ქართულად, გურული კილოკავით გამოსულიყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა ვერ შედგა, არა ერთგზის შედგა მისი ნიჭით, ღირსებით, სიყვარულით მონიჭებული სიამაყე გურიისთვის, საქართველოსთვის…
მიუხედავად არაერთი გულისტკენისა, ყოველთვის კეთილი, თავმდაბალი და ადამიანური სითბოთი სავსე – გარდა ნიჭიერი პროფესიონალისა, ასეთია ზაზა ურუშაძე მათთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ერგო ბავშვობაში, დიდობაში, საქმეში…
2015 წელს, როცა საქართველოში “ოქროს გლობუსის“ 5 ფინალისტ ფილმს შორის “მანდარინების“ გამარჯვებას ზედმეტი ემოციით ელოდა საზოგადოება, ზაზა ურუშაძე გულშემატკივრების ემოციებზე დარდობდა და მოთმინებით ხსნიდა – 5 საუკეთესო ფილმს შორის, ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე მოხვედრა უკვე დიდი გამარჯვება და საქართველოში ზეიმის მიზეზი უნდა ყოფილიყო…
სწორედ იმ დღეებში, ლოს ანჯელესში მყოფმა კინორეჟისორმა “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან მაია ქვარცხავასთან ინტერვიუში, სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა:
“…თითქოს გვინდა ახალი პროექტის დაწყება და სცენარიც მომცეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, ვერ შევძელი. საერთოდ ძალიან სწრაფად ვწერ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც მობილიზება არ გამომდის. ამერიკაშიც მაქვს შემოთავაზებები, დღესაც იყო შეხვედრა და მოლაპარაკება. სერიოზული ჩანს, მაგრამ ამაზე საუბრის არც უფლება მაქვს და თან ჯერ არ გადამიწყვეტია. დაველოდოთ, ვნახოთ. შეიძლება „მანდარინების“ ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ იმოქმედა და ვერ გამოვდივარ ამ ფილმის გავლენიდან. ძალიან ცუდია რეჟისორისთვის, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ ტკბობაში გადადის. არ ვიქნები გულწრფელი და ტყუილს ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემზე არ მოქმედებს. საოცრებაა, მართლა. არაჩვეულებრივია ეს ნომინაციები, პრიზები და რეჟისორზე ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. უცებ ჰოლივუდის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაცია რომ დაგასახელებს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში, ეს დიდ გავლენას ახდენს შენზე, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ამით ტკბობა დამღუპველი ჩანს და განვითარების, ახლის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ალბათ უნდა დასრულდეს ეს ციკლი, დავივიწყო, გამოვიდე ფსიქოლოგიურად ამ მდგომარეობიდან. უნდა გავთავისუფლდე „მანდარინებისგან“ და შემდეგ უფრო ჩავერთვები ახალ პროექტში და შევუდგები საქმეს, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი ბედნიერება მაინც კეთებაში, ფილმის შექმნის პროცესშია“…
ზაზა ურუშაძის და ჭეშმარიტი ხელოვნების მრევლის – ზაზას ახალი ფილმების შექმნის ბედნიერება, სამწუხაროდ, აღარ გვერგება, მაგრამ, იქნებ, როგორმე მისმა წასვლამ ბედნიერების ფასი გვასწავლოს?!
“გურია ნიუსი“ ღრმა მოწიწებით პატივს მიაგებს მის ხსოვნას, მის შემოქმედებას და ის გულისტკივილი, რაც ამ დღეებში გურიაში სუფევს, გვინდა ერთი წინადადებით გითხრათ: გურიას უყვარხარ, ზაზა!