ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დაამტკიცა.
კელი დეგნანი ფიცს სავარაუდოდ იანვარში დადებს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად დაიკავებს თანამდებობას.
სენატმა კელი დეგნანს 29 ოქტომბერს მოუსმინა.
კელი დეგნანმა თავის სიტყვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რუსული აგრესიის პირისპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საზიანო რუსულ და მზარდ ჩინურ გავლენასთან გამკლავება და სხვა.
როგორც საქართველოში აშშ-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო.
კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის EშA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.
დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.
საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა.