შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა.
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის – ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. საავადმყოფოში თანამშრომლის მონახულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს – ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა. მინისტრმა, მომხდარი შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო, პატრულის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა, მოქალაქეების დახმარებით, დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილმა პოლიციელმა მინისტრს ფურცელზე შემდეგი სიტყვები დაუწერა: მადლობა ყველას და მალე დავბრუნდები სამსახურში.