ვინ დაჭრა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია, ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მედიაში, ამ სისხლიანი ფაქტის გაშუქებისას, ვინმე დათო ბაჯელიძის სახელი და გვარი გაჟღერდა.
“გურია ნიუსის“ არქივში, დავით ბაჯელიძის შესახებ შემდეგი ინფორმაცია იძებნება: 2009 წლის 27 ოქტომბერს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავეს _ იგი ეჭვმიტანილი იყო მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრაში.
მაშინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კოლხური კოშკთან მოხდა. მოწმეების ჩვენებით, ბოლო პერიოდში მათ ურთიერთშელაპარაკება რამდენჯერმე მოუვიდათ.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მომენტში ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული _ იგი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში იყო ბრალდებული. მკითხველს შევახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებს, რომლითაც პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირში “ამხელდა“.
დავით ბაჯელიძის დაჭრის ინციდენტის შესახებ, გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური მაშინ ამბობდა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, დაზარალებული და მისი ახლობლები არ ამხელდნენ ცოტნე გამსახურდიას დანაშაულში, არ იყო ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც დაზარალებული დავით ბაჯელიძე დაჭრეს. აქედან გამომდინარე, ადვოკატი მოითხოვდა ცოტნე გამსახურდიას პატიმრობიდან გათავისუფლებას.
მისივე ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო – ჰქონდა თავის ქალას ტრავმა და ტვინის შერყევა. ამის მიუხედავად, გამსახურდიას პატიმრობა შეუფარდეს და მოსამართლის ბრძანებით, გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს.
არქივში, კიდევ ერთი ინციდენტის შესახებაა ინფორმაცია შემონახული – დავით ბაჯელიძესთან ინციდენტამდე, ოზურგეთელი, ბოხვაურელი გივი ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიას მისი შვილის – კახა ბაჯელიძის მკვლელობაში ადანაშაულებდა. მაშინ, ჩვენს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დავით ბაჯელიძესა და გამსახურდიას შორის კონფლიქტს კავშირი კახა ბაჯელიძის მკვლელობასთან, გივი ბაჯელიძე ამბობდა:
“დათო ბაჯელიძეს საერთოდ არ ვიცნობ. ჩვენი არანაირი ბიძაშვილი არ არის. ცდილობენ, ამაზე რაღაც ჰიპოთეზები ააგონ და მერე ჭორები გაავრცელონ, თითქოსდა, იმ ბაჯელიძეს შურისძიება ამოძრავებდა… თვალში არ მოუვიდა, ალბათ, ის ადამიანი და დაჭრა“…
თუ რა მოხდა რვა წლის წინ, ბულგარეთში მოკლული კახა ბაჯელიძის 75 წლის მამა გივი ბაჯელიძე “გურია ნიუსთან“ ასე ყვებოდა: “ჩემი შვილი ცოტნეს საერთოდ არ იცნობდა და არც ჩვენს ოჯახს ჰქონდა გამსახურდიას ოჯახთან შეხება. ჩემს შვილს ბათუმში მეგობრები ჰყავდა, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძე. კახა ბიზნესმენი იყო – საქართველოში არ მოღვაწეობდა, რუსეთში და საზღვარგარეთ საქმიანობდა. ერთხელ, ჩაქვში ისვენებდა, ერთ-ერთ სასტუმროში, რომელსაც პერიოდულად კურირებდა ზვიად ცეცხლაძე. კახა ზვიადის ძმაკაცი იყო და ისიც იქ ისვენებდა. ჩემი შვილი ხვდებოდა საქმიან ხალხს, იქ გაიცნო ცოტნეც, რომელსაც კლავდნენ და ჩემმა შვილმა გადაარჩინა – გამოესარჩლა და იკითხა, რატომ კლავთო… გამოიხსნა იქიდან ცოტნე და მოიყვანა სახლში ღამის სამ საათზე. დავბანეთ, სამი თვე დარჩა ჩვენთან. მერე კახამ ფული მისცა და მოსკოვში გაუშვა. იქ ხომ საკუთარ ბინაში აცხოვრა, მერე საცხოვრებლად ბულგარეთში, კვლავ საკუთარ ბინაში გადაიყვანა. ჩავიდა თუ არა ჩემი შვილი ბულგარეთში, 15 დღეში, დაძინებული დამიკლა ლოგინში. მე არ მქონდა იმის საშუალება, რომ საჩივარი შემეტანა სასამართლოში. ვიცოდი ისიც, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ. ქვეყანაში, სადაც კაცის კვლაზე გირაო არსებობს, ცხოვრება არ ღირს… იმ ამბის შემდეგ დაავადდა ჩემი მეუღლე, არადა, ცოტნეს შვილივით იფიცებდა. დილით ადრე დგებოდა მისთვის ნაირ-ნაირი კერძები რომ მოემზადებინა, მან კი შვილი მოგვიკლა. აბა, ჰკითხონ მას ამ ამბის შესახებ სახალხო დამცველმა ან გამომძიებელმა! დღემდე ვსვამ კითხვას, რატომ მომიკლა შვილი და პასუხი არ მაქვს.“
გივი ბაჯელიძე გარდაცვლილია და მისი შვილის კახა ბაჯელიძის მკვლელობის საქმე რვა წლის შემდეგაც ბურუსით და ვარაუდებითაა მოცული.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და ამ ეტაპზე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი არაფერია. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.