ცოტნე გამსახურდიას მვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.