ოპოზიციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დღის წესრიგის გაცნობისთანავე ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა განცხადება გააკეთა და მისი მხრიდან სხდომის დატოვების მოტივი დაასახელა: ,,მიგვაჩნია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლება მასხრად იგდებს ოპოზიციის მოთხოვნას მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას დაესწროს. 2014 წლიდან ეს მოთხოვნა უგულვებელყოფილია, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ მერი არ ცნობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას. ამასთანავე, მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში არ ჩაუბარებია საკრებულოსთვის. არ განხილულა აუდიტის დასკვნა, რომელიც 2016-2017 მუშაობის საკმაოდ კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს.”
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” ორივე წევრმა. ავთანდილ სტურუას თქმით : ,,იმ ბიუჯეტის განხილვაში, სადაც ბიუჯეტმა სოციალური კუთხით რეგრესი განიცადა, არ გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ. გაუთვალისწინებელი დატოვეს მოთხოვნა, ააიპ–ების თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებაზე. ფაქტობრივად, მიმაჩნია, რომ აქ დასაქმებულ ხალხზე 21-ე საუკუნის მონობა ვრცელდება. ბიუჯეტში ასევე არ არის გათვალისწინებული შეჭირვებულ ხალხზე ერთჯერადი დახმარება.”
ოპოზიციის გარეშე მცირეოდენი შენიშვნების გათვალისწინეთ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ ააიპებ-ის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელმაც ჯამში 13 459 200 ლარი შეადგინა.