სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, გაცნობა-განხილვისთვის ახლა ლანჩხუთის საკრებულოშია.
ლანჩხუთში ა(ა)იპ-ების საქმიანობას ეძღვნება 45-ფურცლიანი დოკუმენტის ერთ-ერთი თავი, რომელშიც დაგეგმვასა და კონტროლში არსებულ მართვის სისუსტეებზეა ყურადღება გამახვილებული.
“დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-სა და მერიის სამსახურს შორის ფუნქციები დუბლირებულია. ასევე, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა, საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის და შტატის არსებობა”, _ ასკვნის სახელმწიფო აუდიტი.
დასკვნაში ნათქვამია, რომ იურიდიული პირების შექმნის საფუძველი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელმა ორგანიზაციასა და მის დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა:
“აღნიშნული უნდა გახორციელდეს იმგვარად, რომ ორგანიზაციაში უზრუნველყოფილ იქნეს ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება. შესაბამისად, იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რიცხოვნობა და მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული უნდა იყოს რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით”.
დოკუმენტის მიხედვით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 33,4%-ს სუბსიდია შეადგენდა, რომლითაც დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ები და შპს, რომელთა ხარჯმა 10,663.4 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, 2017 წელს _ 5,082.7 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს _ 5,580.7 ათასი ლარი.
ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ, 2018 წლის მარტიდან ა(ა)იპ-ების რაოდენობა ერთით კი შემცირდა, თუმცა, საბიუჯეტო ორგანიზაციის შემცირებას არ მოჰყოლია სუბსიდიის შემცირება, მინიმუმ, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მოხდა პირიქით, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსებაზე 498.0 ათასი ლარით მეტი დახარჯა წინა წელთან შედარებით.
აუდიტის დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა საშტატო რიცხოვნობა მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან შედარებით მაღალია. რის შემთხვევა, როცა ა(ა)იპ-ისა და მერიის სამსახურის ფუნქციები დუბლირებულია, რიგ შემთხვევაში კი, ა(ა)იპ-ებში მოსამსახურეები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი და ყოველდღიურად არ უწევთ სამსახურებრივი საქმიანობა.
“2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ _ ეკონომიკური განვითარების და ინოვაციების ცენტრის დაფინანსებაში დახარჯა 392.7 ათასი ლარი. ამ პერიოდში ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 21-შტატიანი და 12 შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი. ა(ა)იპ-ში ჩამოყალიბებულია 5 განყოფილება: საგარეო ეკონომიკური კავშირების; ინვესტიციების; მეწარმეობის განვითარების; სოფლის მეურნეობის განვითარების და ტურიზმის განყოფილება. აღსანიშნავია, რომ მერიაში შექმნილია ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, სადაც გაერთიანებულია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილება, ასევე ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება. სამსახურის დებულებისა და ა(ა)იპ-ის წესდების შესწავლით დგინდება, რომ ფუნქციები დუბლირებულია”, _ ასკვნის აუდიტი და იქვე მიუთითებს, რომ “მერიამ ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აუცილებელია აღნიშნული ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება, როდესაც იმავე სამუშაოს შესრულება შესაძლებელია მერიაში შექმნილი სამსახურის მეშვეობით”, _ ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტი ამავე ასპექტში განიხილავს ლანჩხუთში სხვადასხვა მუზეუმების ფუნქციონირების საკითხსაც და ამბობს, რ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს, სპორტისა და თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებში, რომელთა 16 თანამშრომელზე სახელფასო ანაზღაურების სახით 2017-2018 წლებში 98.7 ათასი ლარი გაიხარჯა, ძირითადად, წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა ექსპონატის და სურათის ასლები.
კიდევ ერთი ა(ა)იპ-ი, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი ყურადღებას ამახვილებს, სპორტული ცენტრია. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ ა(ა)იპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 14 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, რომელთა ხელფასებზე 2018 წელს დაიხარჯა 43.2 ათასი ლარი და იქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული სპეციალისტები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი.
“მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ა(ა)იპ-ში ამ კატეგორიის სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება მაშინ, როდესაც შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე იმავე მოვალეობების შესასრულებლად დასაქმებული ჰყავთ შესაბამისი განყოფილების სპეციალისტები”, _ წერს აუდიტი და იქვე ასკვნის, დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობის არაგონივრული ზრდა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა და რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებობს კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები.
დასკვნაში წარმოდგენილი რამდენიმე კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე სახელმწიფო აუდიტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის რეკომენდაციას აძლევს.
“მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია გახორციელდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი.
საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას”, _ ასეთია სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ა(ა)იპ-ების საქმიანობას მოიცავს.
სახელმწიფო აუდიტის ეს ანგარიში ახლა საკრებულოში განხილვის სტადიაშია და ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად იქნება გაზიარებული მუნიციპალიტეტის მხრიდან ანგარიშში წარმოდგენილი რიგი შენიშვნები თუ რეკომენდაციები.