ესპანურმა ბასკონიამ, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ობრადოიროს უმასპინძლა და მეტოქე 83:69 დაამარცხა, ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. მან მოედანზე 34:46 წუთი გაატარა და 19 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივ ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ბუნებრივია თორნიკე მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ასევე დიდია შანსი მან მთლიანად 21-ე ტურის MVP-ს ტიტულიც მოიპოვოს.
ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს 17:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულას, 1 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი.
ბასკონიას 10 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და 1 გამარჯვებითღა ჩამორჩება საპლეიოფო ზონას, მომდევნო შეხვედრას კი 29 თებერვალს, სტუმრად, ფუენლაბრადასთან ჩაატარებს.