მოლოდინი არ გამიმართლდა, პრეზიდენტმა მის მიმართ ნეგატიური განწყობის შეცვლის შანსიც არ გამოიყენა – ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება უფრო მეტად იყო სახელისუფლებო პოზიციის დამცველი, ვიდრე ობიექტური.
„ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდი იყო. იყო ვითარების ანალიზი, ნაწილები, სადაც ხედვა უფრო გლობალური იყო და არა მხოლოდ შიდა ეროვნული კუთხიდან დანახული, თუმცა იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი გამოვედი დარბაზიდან, რადგან ის მოლოდინი, რაც მქონდა, არ გამიმართლდა და პრეზიდენტმა არც ის შანსი გამოიყენა, რითაც შეძლებდა მის მიმართ არსებული ნეგატიური განწყობა შეეცვალა. უფრო მეტად იყო სახელისუფლებო პოზიციის დამცველი, ვიდრე ობიექტური. ზეპარტიული რომ ყოფილიყო, ისეთივე შეფასებებს მოვისმენდით მართლმსაჯულების თემაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, ამერიკის საელჩოს, ევროპარლამენტს. არ მოვისმენდით იმას, რასაც მმართველი პარტია გველაპარაკება, რომ თურმე, კარგი დინამიკა გვაქვს და მხოლოდ სკოლის რეფორმა სჭირდება იმ უბედურებას, რაც სასამართლოში ხდება. ჩემთვის უმწვავეს საკითხზე არასწორი შეფასება იყო. მეორე მხრივ, როცა ამბობ, რომ ზეპარტიული ხარ და ოპოზიციას საარჩევნო თემატიკაზე დიალოგს სთავაზობ, ამას ნდობა სჭირდება“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.