მსოფლიოში არსებობს წიგნები, რომლებიც არასოდეს გაიყიდება და მათი ფასი იმდენად დიდია, რომ საეჭვოა მყიდველი გამოუჩნდეს. მათ შორის გახლავთ, დიდი ბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის ხელნაწერი „ისტორია“, ბიბლიის უძველესი ხელნაწერები და სხვა… თუმცა, „სოთბის“ აუქციონზე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულ წიგნებზე მოთხოვნილება ყოველთვის იყო. განსაკუთრებით ეს, ძველ ბეჭვდურ გამოცემებს ეხებათ.
ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქამდე გაყიდულ ძვირფას წიგნებს შორის, ყველაზე ძვირად გაიყიდებოდა წიგნი, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფრინველებზეა დაწერილი.
რამდენიმე წლის წინ სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 7 მილიონ 300 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა წიგნი (ოთხტომეული) „ამერიკის ფრინველები“, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარშია დაბეჭდილი და მაშინდელი გამოცემიდან, მხოლოდ ორი ეგზემპლარიღა შემორჩა. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ აუქციონებზე გაყიდულ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ წიგნებს შორის, მეორე ადგილზე, კვლავ „ამერიკის ფრინველებია“, რომელიც 2000 წელს, 5 მილიონ 500 ათას სტერლინგად გაიყიდა.
გასულ წელს კი „სოთბის“ აუქციონზე ძველი წიგნებისადმი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალი იყო. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, უილიამ შექსპირის პიესების 1623 წელს გამოცემულმა სულ პირველმა კრებულმა. ამ კრებულს, „კომედიები, ისტორიები და ტრაგედიები“ ჰქვია და მასში ინკოგნიტოდ დარჩენილმა ინგლისელმა ბიბლიოფილმა, 1.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.