ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პრესკონფერენცია გამართა და იმ რეკომენდაციის შესახებ განმარტა, რომლითაც ისინი მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრს მიმართავენ.
„ყველა კარგად იცის, რომ საბავშვო ბაღები წმინდა სოციალური პაკეტია და აქ სააღმზრდელო პროცესის შეჩერება ბევრი ოჯახისთვის საკმაოდ მტკივნეულია, მითუმეტეს, დღევანდელ რეალობაში. ამიტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ ის თანხა, რომელიც ყოველთვიურად გაწერილია ერთი აღსაზრდელისთვის, ვაუჩერის სახით, პროდუქტების შესაძენად, გადაეცეს მათ ოჯახებს. ამის გაკეთება სულაც არ წარმოადგენს სირთულეს, საჭირო თანხა უკვე გაწერილია ბიუჯეტში.
გასაგებია, რომ ზარალი მიადგება, ტენდერში გამარჯვებულ ფირმას, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო განიცდის ეკონომიკურ ზარალს“, _ აღნიშნა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა ასკურავამ.
აღნიშნული ინიციატივით ფრაქცია უკვე შევიდა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში და ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილება დადგება ამ კუთხით.