დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს და ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩოხატაურში, ბენდელიანის ქუჩაზე, “მუხის უბანში” ბებერი, სიძველისგან გადაქცეული მუხაა აღბეჭდილი, თორემ ცულის დასაკრავად ვინ გაიმეტებდა მას. მუხა, რომლის ჩრდილქვეშ თაობები გაიზარდა და თითოეულს მასთან საკუთარი მოგონებები აკავშირებს.
“ალბათ, სხვისთვის ძნელი გასაგები იქნება, მაგრამ ბენდელიანის ქუჩის, მუხის უბანში მცხოვრები ან ნაცხოვრები თუ საზაფხულოდ ნასტუმრები ადამიანები იოლად მიმიხვდება იმ გულისტკივილს, რაც დღეს ამ ფოტოს ნახვამ გამოიწვია ჩემში. განცდა, რომელიც თითქმის გაუტოლდა ადამიანის გარდაცვალების ამბის შეტყობას.
რაღაც მეტი იყო ყველა ჩვენგანისთვის, ვიდრე, უბრალოდ, ხე; თავშეყრის თუ თითქმის მუდმივ სამყოფელად ქცეული ადგილი; რამდენ რამეს მოსწრებული თუ შესწრებული…
რაღაც ჩამწყდა გულში. წაიღო ჩვენი ბავშვობის და სიყრმის მოგონებები და არა მარტო ჩვენი, თაობების.
ვეღარ იგრძნობს ჩვენი მუხა აწი ალიონს და ვერც პირველ სალამს განთიადისას… სამჯერ ნახანძრალი, გამოფიტულ-გამომწვარი, ან კი როგორ იდგა აქამდე…
არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ იდგა, ფოტოზე დავწერე კომენტარი, რომელსაც ასე ვამთავრებდი.
კვლავ შეხვედრის ადგილის მისამართი _ ჩოხატაურის რაიონი, ბენდელიანის ქუჩა, მუხასთან.
მისამართი იგივე, შევხვდებით ნამუხართან.
p.s.იმედია, ვინმე კეთილი ადამიანი დარგავს ახალ ნერგს და არ იქნება ნამუხარი და… ისევ მუხასთან”, _ წერს მამა კონსტანტინე.